უკრაინის გენშტაბი - უკრაინისა და რუსეთის არმიებს შორის გასული 24 საათის განმავლობაში ფრონტის მთელ ხაზზე 80 შეტაკება მოხდა
უკრაინის გენშტაბი - უკრაინისა და რუსეთის არმიებს შორის გასული 24 საათის განმავლობაში ფრონტის მთელ ხაზზე 80 შეტაკება მოხდა

უკრაინისა და რუსეთის არმიებს შორის გასული 24 საათის განმავლობაში ფრონტის მთელ ხაზზე 80 შეტაკება მოხდა, – ამის შესახებ აღნიშნულია უკრაინის არმიის გენშტაბის მოხსენებაში.

უკრაინის არმიის გენშტაბში აცხადებენ, რომ რუსეთის არმიის ყველაზე მაღალი აქტივობა მარინკისა და ავდეევკის მიმართულებით შეინიშნება. რუსეთის საარმიო ნაწილები ქალაქ ავდეევკის ალყაში მოქცევას ცდილობენ.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, ბახმუტის მიმართულებით უკრაინის არმიის ჯარისკაცებმა მოწინააღმდეგის ათი შეტევა მოიგერიეს. მათივე ცნობით, რუსეთის არმია აქტიურად იყენებს სამხედრო ავიაციას.

პარალელურად, უკრაინული მედია წერს, რომ ქვეყნის არმია აგრძელებს შეტევით ოპერაციებს ლიმან-კუპიანსკის მიმართულებით, სადაც გასული 24 საათის განმავლობაში განადგურდა რუსეთის არმიის 200-მდე ჯარისკაცი და 50-მდე სამხედრო ტექნიკა.

მედიის ცნობით, გასული დღის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებული ძალების ავიაციამ 10 დარტყმა განახორციელა ოკუპანტების პერსონალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის ადგილებში.