უეს მიტჩელი - დასავლეთი ქართული ტრადიციებისა და რწმენისადმი გულგრილი არ არის
უეს მიტჩელი - დასავლეთი ქართული ტრადიციებისა და რწმენისადმი გულგრილი არ არის

დასავლეთი ქართული ტრადიციებისა და რწმენისადმი გულგრილი არ არის, – ეს განცხადება თბილისში საერთაშორისო კონფერენციაზე „მსოფლიო თავდაყირა 2018“ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე უეს მიტჩელმა გააკეთა.

მისივე თქმით, საქართველოში არის ბევრი მოქალაქე, რომელიც არ სარგებლობს სოციალური მედიით და რუსეთი მათზე ზეგავლენას მართლმადიდებელი ეკლესიის მეშვეობით ახდენს.

„ჩვენ უკვე შევისწავლეთ რუსეთის ზოგიერთი მეთოდი, თუმცა არსებობს ისეთები, რომლებიც ნაკლებადაა ათვისებული. დღეს ჩვენი ძალისხმევა მიმართულია ძირითადად საქართველოს ქალაქეებისკენ. საქართველოში არის უამრავი ადამიანი, რომელიც საერთოდ არ იყენებს სოციალურ მედიას. ამ საზოგადოებისთვის მართლმადიდებელი ეკლესია იყო რუსეთის გავლენის ირიბი გამტარებელი. ჩვენ უნდა გავაკეთოთ მეტი, რათა ავუხსნათ ამ ადამიანებს, რომ დასავლეთი არ არის გულგრილი საქართველოს ტრადიციებისა და რწმენისადმი. ეს აუცილებელია, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთთან დაპირისპირებაში გავიმარჯვოთ. საქმე ბევრი გვაქვს, თუმცა ნათელია, რომ ქართველმა ხალხმა აირჩია დასავლური მომავალი და მათ უნდა დავეხმაროთ“,  – განაცხადა მიტჩელმა.

კითხვაზე, რა არის საჭირო, რომ საქართველო დაცული იყოს და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში უფრო სწრაფად გაწევრიანება შეძლოს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე პასუხობს, რომ ამისთვის აუცილებელია ქვეყანაში წარმატებული დემოკრატია.

„საქართველოში დემოკრატიის წარმატება არის ერთადერთი გრძელვადიანი გზა, რათა საქართველოს უსაფრთხოება დაცული იყოს ასეთ რთულ სამეზობლოში. ამის შემადგენელი ნაწილია მთავრობის მიერ გატარებული რეფორმები. მათ შორის, სასამართლო სისტემაში ცვლილებები, რაზეც მთავრობა ფოკუსირებულია. ასევე, განათლების რეფორმა, რომელიც პრიორიტეტად გამოცხადდა. ამას მივესალმებით და სახელმწიფო დეპარტამენტი მუშაობს, რომ ამ რეფორმის გასატარებლად საჭირო რესურსები ხელმისაწვდომი იყოს. ჩემი აზრით, საქართველოს მოქალაქეებში სიღარიბის დაძლევა და მათთვის საჭირო უნარების მიცემა არის ისეთივე ან უფრო მეტად მნიშვნელოვანი, ვიდრე ყველა იარაღი, რომელსაც ყიდულობთ“ – განაცხადა უეს მიტჩელმა კონფერენციაზე.