უეს მიტჩელი - საქართველოსთვის სასამართლო რეფორმის ახალი ტალღა სასიცოცხლოდ არის საჭირო
უეს მიტჩელი - საქართველოსთვის სასამართლო რეფორმის ახალი ტალღა სასიცოცხლოდ არის საჭირო

პოსტსაბჭოთა საზოგადოებებში მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა ყველაზე რთული გასატარებელია, – ეს განცხადება ჯონ მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ორგანიზებით, თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე დასმული კითხვის პასუხად აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე უეს მიტჩელმა გააკეთა.

როგორც მან აღნიშნა, ეს უნივერსალური პრობლემაა პოსტსაბჭოთა, ასევე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.

„პოსტკომუნისტურ საზოგადოებებში რეფორმების გატარება ყველაზე რთული მართლმსაჯულების სისტემაშია. ეს არის უნივერსალური პრობლემა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, ასევე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. მინდა, მოგიყვანოთ გერმანიის მაგალითი. ჩემი გერმანელი კოლეგები, ხშირად მეუბნებიან, რომ გერმანიაში დღემდე მიმდინარეობს დებატები, არის თუ არა 1945 წელს გატარებული სასამართლო რეფორმა სწორი. ასე რომ, ვფიქრობ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეს დარჩება პოლიტიკური და ინსტიტუციური რეფორმის დღის წესრიგში“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ.

ამასთან, მისი თქმით, საქართველოსთვის სასამართლო რეფორმის ახალი ტალღა სასიცოცხლოდ არის საჭირო.

„აქვე ვიტყვი, რომ ყველა გადაწყვეტილება, თავად ქართველების მისაღებია. ვფიქრობ, რომ ახალი კონსტიტუცია, რომელიც ძალაში შედის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, საშუალებას მისცემს ქართველებს, გააძლიერონ სასამართლო სისტემა. ასევე, მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოს მთავრობასთან, ეროვნული უსაფრთხოების სამსახურების მაკონტროლებელი ორგანოს შექმნაზე, ჩართული ვართ განათლების რეფორმაზე მუშაობაში. გვჯერა, რომ კომერციული სასამართლო პალატის შექმნის შესაძლებლობა, რომელიც კომერციულ დავებს განიხილავს, ასევე წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება“, – განაცხადა უეს მიტჩელმა.

მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ორგანიზებით თბილისში მიმდინარე მეოთხე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია „მსოფლიო თავდაყირა 2018“ დღეს დასრულდება.

დატოვე კომენტარი