უეს მიტჩელი - ნატო-ს საქართველოსა და უკრაინასთან ურთიერთობებში სტრატეგიული მიდგომა სჭირდება, რომელიც ბუქარესტის სამიტის დასკვნას თავიდან შეხედავს
უეს მიტჩელი - ნატო-ს საქართველოსა და უკრაინასთან ურთიერთობებში სტრატეგიული მიდგომა სჭირდება, რომელიც ბუქარესტის სამიტის დასკვნას თავიდან შეხედავს

ნატო-ს საქართველოსა და უკრაინასთან ურთიერთობებში სტრატეგიული მიდგომა სჭირდება, რომელიც ბუქარესტის სამიტის დასკვნას თავიდან შეხედავს და პარტნიორებთან ურთიერთობებს უფრო ყოვლისმომცველს გახდის – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ ევროპის საკითხებში უეს მიტჩელმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა.

უეს მიტჩელი ერთ-ერთია ნატო-ს ექსპერთა ჯგუფის წევრებს შორის, რომელიც ალიანსის 2030 წლის პროგრამის შესახებ ანგარიშზე მუშაობდა.

უეს მიტჩელმა ინტერვიუში ნატო-ს გაფართოების პერსპექტივაზე ისაუბრა.

„ანგარიში საუბრობს აღმოსავლეთში ნატო-ს პარტნიორებზე და ხაზგასმით ამბობს იმას, რომ ალიანსმა ღია კარის პოლიტიკა აუცილებლად უნდა შეინარჩუნოს. ის ასევე განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს სუსტ დემოკრატიებს, როლებსაც ნატო-ს ალიანსში გაწევრიანების მისწრაფებები აქვთ. ანგარიში მკაფიოდ საუბრობს იმაზე, რომ ნატო-სთვის პოლიტიკური და სტრატეგიული სარგებლის მომტანია ამ ქვეყნებისთვის გასაგები და თანმიმდევრული გზავნილების მიწოდება. ამასთან, ალიანსმა აქტიური დახმარება უნდა გაუწიოს სუსტ დემოკრატიებს, განსაკუთრებით-ნატო-ს აღმოსავლეთით მდებარე ქვეყნებს, რომლებიც რუსეთის მხრიდან შიდა და გარე ზეწოლის ქვეშ არიან. დამოუკიდებელი ექსპერტების ამ ჯგუფისთვის, ანგარიში იყო იმის შესაძლებლობა, რომ გამოგვეხატა და განგვემარტა ჩვენი შეხედულება ნატო-ს ორიენტაციაზე აღმოსავლეთში, მისი პარტნიორების მიმართ. როგორც უკვე ვთქვი, ანგარიში მკაფიოდ საუბრობს, განსაკუთრებით საქართველოსა და უკრაინის წევრობის პერსპექტივაზე, ღია კარის პოლიტიკაზე და მათ დასავლურ გზაზე. ასევე ვამბობთ, რომ მოკავშირეებმა ამ და სხვა ქვეყნებს, მეტი დახმარება უნდა გაუწიონ, განსაკუთრებით, რუსეთის ზეწოლის ქვეშ მყოფ პარტნიორებს. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან როგორც ანგარიში ამბობს, მომდევნო 10 წელში ალიანსისთვის სტრატეგიული გარემო უფრო მკაცრი იქნება. ამის გამო, პარტნიორობა და წევრობის პერსპექტივა ნატო-ს არსენალში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ბერკეტია“, – აღნიშნავს უეს მიტჩელი.

2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაზე საუბრისას აშშ-ის სახელმწიფო დმივნის ყოფილმა თანაშემწემ განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში „უკრაინისა და საქართველოს შესახებ დისკუსია ნელი ტემპით მიმდინარეობს“.

„ვფიქრობ, უკრაინისა და საქართველოს შესახებ დისკუსია ნელი ტემპით მიმდინარეობს. აქამდე ნატო-ს მიდგომა პარტნიორებისადმი ისეთია – და ეს არა მხოლოდ იმ პარტნიორებს ეხება, რომლებსაც ალიანსში გაწევრიანება სურთ, არამედ ყველა სხვას – რომ პრიორიტეტების და აქტივობების განსაზღვრა ხდება პარტნიორებისგან მომდინარე სიგნალებზე დაყრდნობით, და არა ნატო-ს მოთხოვნებზე დაფუძნებით. ამ პარტნიორობის დაფინანსებაც საკმაოდ არარეგულარულია. არ არსებობს ამ აქტივობების დაფინანსების სტაბილური წყაროები. ვფიქრობ, ისეთი ქვეყნები, როგორიცაა საქართველო და უკრაინა, ამის გამო განსაკუთრებით ზარალდებიან. რომ შევაჯამოთ, ვფიქრობ, ამ ყველაფრის გამო, პარტნიორობის მიმართ არასტრატეგიული მიდგომები შემუშავდა და ზოგჯერ კი ამან შერეული სიგნალები გამოიწვია. ნატო-მ უფრო აქტიური სტრატეგიული მიდგომა უნდა შეიმუშაოს ისეთ ქვეყნებთან ურთიერთობის სამართავად, როგორებიც საქართველო და უკრაინაა, სწორედ იმის გამო, რომ სტრატეგიული გარემო იცვლება და დასაშვები ცდომილების ზღვარი მცირდება. ნატო-ს მკაფიო სიგნალების გაგზავნა სჭირდება”, – ამბობს მიტჩელი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში.

ამერიკელმა ანალიტიკოსმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ საქართველომ და უკრაინამ მკაფიოდ უნდა მოახდინონ იმის დემონსტრირება, რომ დემოკრატიული მმართველობის და ძლიერი დემოკრატიული სტრუქტურების შექმნის მიმართ ერთგულები არიან.

„საბოლოო ჯამში, ის, რის გაკეთებაც საქართველოს და უკრაინას სჭირდება, ძირითადად შიდა მმართველობას უკავშირდება. მათ მკაფიოდ უნდა მოახდინონ იმის დემონსტრირება, რომ დემოკრატიული მმართველობის და ძლიერი დემოკრატიული სტრუქტურების შექმნის მიმართ, ერთგულები არიან. ამას, ცხადია, თან ერთვის დიდი ზეწოლა, რასაც ის სამეზობლო იწვევს, რომელიც საქართველოს და უკრაინას ერგო. მაგრამ, საბოლოო ჯამში, ნატო-ს და დასავლეთს მორალური სიცხადე უნდა ჰქონდეს საქართველოსა და უკრაინაზე იმისთვის, რომ უფრო დიდი სტრატეგიული გადაწყვეტილება მიიღონ. ის, თუ როგორ მართავს ნატო საქართველოსთან ურთიერთობას, ერთგვარი, საკონტროლო სიით, გარკვეულ შეზღუდვებს იწვევს. ამაში დასახული მიზნის მიღწევას და გეგმის განხორციელებას ვგულისხმობ“, – აცხადებს უეს მიტჩელი.

მიტჩელი მიიჩნევს, რომ ნატო-ს პარტნიორებთან ურთერთობის კუთხით უფრო სტრატეგიული მიდგომა სჭირდება, რომელიც ამ ურთიერთობებს არა ეტაპობრივად, არამედ ჯამურად შეაფასებს. თუმცა მისი თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ „წევრობა შეიძლება ხვალ დადგეს“.

„საბოლოო ჯამში, ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად სტრატეგიული მიდგომა გვჭირდება, რომელიც ბუქარესტის სამიტის დასკვნას, მისი პირობის საფუძველს თავიდან შეხედავს და ურთიერთობაზე უფრო ყოვლისმომცველად ისაუბრებს იმის ნაცვლად, რომ მიღწეული პროგრესის შეფასების მიმართ ეტაპობრივი მიდგომა ჰქონდეს. ვფიქრობ, ეს ეტაპობრივი მეთოდი იმ ქვეყნებს, რომლებიც საქართველოს და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების წინააღმდეგი არიან, გაცილებით ფართო შესაძლებლობებს აძლევს, იმისთვის, რომ საქართველოს ნატო-ში გაერთიანებას შეეწინააღმდეგონ. ეს ბევრ შესაძლებლობას ქმნის იმისთვის, რომ ეს გადაწყვეტილება ხელახლა იქნას განხილული. ამის ნაცვლად, უფრო ყოვლისმომცველი, სტრატეგიული მიდგომა ვფიქრობ უფრო მართებული იქნება, რომელიც ურთიერთობებს ჯამურად შეაფასებს და გააცნობიერებს იმას, რომ ნატო-ს აღმოსავლეთში დადებითი გავლენისთვის, კონკურენტუნარიანობა სჭირდება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჯადოსნური ჯოხის მოქნევით, წევრობა შეიძლება ხვალ დადგეს, მაგრამ ვფიქრობ, ეს შექმნის უფრო გონივრულ და რეალისტურ დიალოგს ჩვენს პარტნიორებთან, რომლებიც ალბათ ხშირად სასოწარკვეთაში არიან, პროგრესის ნაკლებობის გამო“ , – აღნიშნავს ინტერვიუში უეს მიტჩელი.