ვოლოდიმირ ზელენსკი - პარტნიორებმა გადაწყვიტეს, PURL-ის ინიციატივაში ახალი წვლილი შეიტანონ, უკრაინას ახალი დახმარება ივნისში მიეწოდება
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პარტნიორებმა გადაწყვიტეს, PURL-ის ინიციატივაში – პროგრამაში, რომლის ფარგლებშიც ნატო-ს წევრი ქვეყნები ამერიკულ იარაღს ყიდულობენ და უკრაინას აწვდიან, ახალი წვლილი შეიტანონ.
როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განმარტა, უკრაინას ახალი დახმარება ივნისში მიეწოდება.
„დღეს უკრაინაში იყო მარკ რუტე, ნატო-ს ყველა წევრი ქვეყნის ელჩებთან ერთად. ყველა მოკავშირე ქვეყნის წარმომადგენელი იყო აქ, მას შემდეგ, რაც რუსეთმა სცადა პარტნიორები უკრაინიდან განდევნა და საელჩოებს დაემუქრა. კიევში შეხვედრა ძალიან სიმბოლურია და მთავარი მესიჯი ნათელია, უკრაინას მეტი მხარდაჭერა სჭირდება, განსაკუთრებით სარაკეტო თავდაცვის სფეროში“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ევროპას საკუთარი სარაკეტო თავდაცვის სისტემა სჭირდება და ამ მიმართულებით საფრანგეთთან, გერმანიასთან, ნორვეგიასთან, დანიასთან, შვედეთსა და იტალიასთან მუშაობა მიმდინარეობს.
ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა აშშ-ს, ირანის საკითხიდან ევროპულ საქმეებზე გადაერთოს.