ესტონეთის პრეზიდენტი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს - ვერ დაგეთანხმებით, რომ დასავლეთმა გამოიღვიძა
ესტონეთის პრეზიდენტი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს - ვერ დაგეთანხმებით, რომ დასავლეთმა გამოიღვიძა

ესტონეთის პრეზიდენტის, კერსტი კალიულაიდის თქმით, რუსეთთან ურთიერთობების აღდგენას ევროპაში ბევრი მხარდამჭერი ჰყავს. ამის შესახებ განცხადება ესტონეთის პრეზიდენტმა თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე „მსოფლიო თავდაყირა 2018“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კერსტი კალიულაიდი კონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე უეს მიტჩელის გამოსვლას ესწრებოდა.

როგორც ესტონეთის ლიდერმა აღნიშნა, ევროპამ საბოლოოდ ჯერ კიდევ ვერ გამოიღვიძა.

„თქვენ თქვით, რომ დასავლეთმა გამოიღვიძა, ვერ დაგეთანხმებით. ევროპის პერსპექტივიდან ვიტყოდი, რომ უბრალოდ, ძილის ფაზა შეიცვალა. ახლა უფრო მეტად გაურკვევლობა სუფევს, რაც ევროპას რუსეთის მკლავებისკენ უბიძგებს. ჩვენ ამაზე ბევრს ვსაუბრობთ. გვსურს ცხოვრება რუსეთთან, გვსურს საქმიანი ურთიერთობები. ამასთან, არსებობენ პოპულისტები, რომლებსაც ლიბერალური, დემოკრატიული ღირებულებები არ ანაღვლებთ. ეს კი, რუსეთს ხელს აძლევს. არსებობს უამრავი ფაქტორი, რომელიც გვიბიძგებს იმის გაკეთებისკენ, რაც რუსეთ-საქართველოს ომიდან სულ რამდენიმე თვეში გავაკეთეთ. მაშინ ამბობდნენ, მოდით, განვაგრძოთ ცხოვრება, მოდით, დავუბრუნდეთ ჩვეულ ურთიერთობებს. მოსკოვში წამზომი ჩართულია“, – განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, საქართველოს შემთხვევაში, ევროპას რუსეთთან ურთიერთობების აღსადგენად სამი თვე დასჭირდა.

„საქართველოს შემთხვევაში, რუსეთთან ურთიერთობების აღდგენას სამი თვე დასჭირდა, რამდენი ხანი დასჭირდება ყირიმის შემდეგ, ვერ გეტყვით. ეს იმაზე დიდხანს გრძელდება, ვიდრე ეგონათ, თუმცა, ვერ ვიტყოდი, რომ ეს არ ხდება“ – განაცხადა კერსტი კალიულაიდიმ.

კერსტი კალიულაიდი საქართველოს სამუშაო ვიზიტით სტუმრობს. ის უკვე შეხვდა ქართველ კოლეგა გიორგი მარგველაშვილს. კონფერენცია კი, რომელშიც სხვა მაღალი რანგის პირებთან ერთად, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე და ესტონეთის პრეზიდენტიც მონაწილეობენ, დღეს სრულდება.