უეს მიტჩელი - ნატო-ში არსებობს თანამშრომლობის მოდელი, მათ შორის უკრაინასთან და საქართველოსთან, სადაც პრიორიტეტებს პარტნიორების მოთხოვნები განსაზღვრავს, ნაცვლად იმისა, რომ ინიციატივა ნატო-სგან მოდიოდეს
უეს მიტჩელი - ნატო-ში არსებობს თანამშრომლობის მოდელი, მათ შორის უკრაინასთან და საქართველოსთან, სადაც პრიორიტეტებს პარტნიორების მოთხოვნები განსაზღვრავს, ნაცვლად იმისა, რომ ინიციატივა ნატო-სგან მოდიოდეს

ნატო-ში არსებობს თანამშრომლობის მოდელი, მათ შორის უკრაინასთან და საქართველოსთან, სადაც პრიორიტეტებს პარტნიორების მოთხოვნები განსაზღვრავს, ნაცვლად იმისა, რომ ინიციატივა ნატო-სგან მოდიოდეს, – ეს განცხადება ნატო-ს გენერალური მდივნის ინიციატივით ჩამოყალიბებული საექსპერტო ჯგუფის წევრმა, უეს მიტჩელმა ონლაინკონფერენციაზე გააკეთა, რომლის მონაწილეებმაც ალიანსის სამომავლო სტრატეგიაზე იმსჯელეს და განიხილეს სარეკომენდაციო ანგარიში „ნატო 2030“.

როგორც მიტჩელმა განაცხადა, ნატო საქართველოსთან და უკრაინასთან თანამშრომლობას სტრატეგიულად ვერ იყენებს.

„ჩვენი ჯგუფისთვის ამ ანგარიშმა გააჩინა შესაძლებლობა, რათა აღმოსავლეთ პარტნიორებთან ნატო-ს ორიენტაცია მკაფიოდ გადმოგვეცა. პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ანგარიშში ამ საკითხზე ჩანაწერის ტონი და შინაარსი მკაფიოა და ადასტურებს ღია კარის პოლიტიკის, ამ ქვეყნების დასავლური პერსპექტივის და საქართველოს და უკრაინის ნატო-კენ მიმავალი გზის მხარდაჭერას. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ნატო-ს მოკავშირეებმა არსებითად უნდა დაუჭირონ მხარი ისეთ დაუცველ დემოკრატიებს, როგორიც საქართველო და უკრაინაა, რომლებიც ზეწოლას განიცდიან რუსეთისგან.

მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი რასაც მინდა, ხაზი გავუსვა ისაა, რომ ანგარიშში გამოთქმულია კონსტრუქციული კრიტიკა იმის მიმართ, თუ როგორ ახორციელებს ამჟამად ნატო ამ პარტნიორობას. დღეს ნატო-ში არსებობს თანამშრომლობის მოდელი, მათ შორის უკრაინასთან და საქართველოსთან, სადაც პარტნიორობის პრიორიტეტებს და აქტივობას განსაზღვრავს ის მოთხოვნები, რომლებსაც თავად პარტნიორები აყენებენ, ნაცვლად იმისა რომ ინიციატივა ნატო-სგან მოდიოდეს. ასევე ამ პარტნიორებისთვის გვაქვს ქაოსური დაფინანსების წყაროები. მდგრადი და საბაზისო დაფინანსების წყარო არ არსებობს. ძირითადად, ამ დაფინანსებას საკუთარი სურვილით გამოყოფენ ის პარტნიორები, რომლებსაც კონკრეტულ ქვეყნებთან პარტნიორობა აინტერესებთ. ყველაფერი ეს კი ნიშნავს, რომ ნატო პარტნიორობას არასტრატეგიულად იყენებს. ჩვენი ანგარიში კი ამბობს, რომ სტრატეგიული კონკურნეციის ეპოქაში, თანამშრომლობა და პარტნიორობა სტრატეგიულად უნდა გამოიყენო. თუ ნატო-ს საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავება სურს, მაშინ ეს უნდა დაიწყოს პარტნიორების დაფინანსების და მათთან კომუნიკაციის მიმართ უფრო სისტემური და სტრატეგიული მიდგომით“, – განაცხადა მიტჩელმა.

შეგახსენებთ, რომ უეს მიტჩელი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწეა, მუშაობდა ევროპისა და ევრაზიის საკითხებზე. ის ნატო-ს სამომავლო განვითარებისა და რეფორმის შესახებ მომზადებული სარეკომენდაციო ანგარიშის ერთ-ერთი ავტორია.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ექსპერტთა ჯგუფს ნატო-ს რეფორმის და განვითარების ანგარიშის შედგენა მას შემდეგ დაავალა, რაც საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მკაცრად გააკრიტიკა. ეკონომისტთან ინტერვიუში მაკრონმა განაცხდა, რომ „ნატო-ს ტვინი კვდება“.