იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ, დახმარების მიწოდების გაჭიანურების გამო, უკრაინის ნდობა ნატო-ს მოკავშირეების მიმართ შერყეულია
იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ, დახმარების მიწოდების გაჭიანურების გამო, უკრაინის ნდობა ნატო-ს მოკავშირეების მიმართ შერყეულია

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მიიჩნევს, რომ, დახმარების მიწოდების გაჭიანურების გამო, უკრაინის ნდობა ნატო-ს მოკავშირეების მიმართ შერყეულია, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა „როიტერთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ გვჭირდება უფრო ძლიერი ინსტიტუციური ჩარჩო, რომელიც დაგვეხმარება პროგნოზირებადობის უზრუნველყოფაში, მეტი ანგარიშვალდებულებისა და დატვირთვის გაზიარებაში“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, დახმარების მიწოდების გაჭიანურებამ დიდი გავლენა იქონია ბრძოლის ველზე, რადგან რუსეთმა მოიპოვა ინიციატივა, ხოლო უკრაინელები აიძულა, გადასულიყვნენ თავდაცვაზე. თუმცა, როგორც სტოლტენბერგი ამბობს, უკრაინის პრეზიდენტთან მოლაპარაკებებისას ვოლოდიმირ ზელენსკიმ მას უთხრა, რომ კიევს კვლავ სჯერა თავისი მოკავშირეების.

„ის ფაქტი, რომ ჩვენ არ შევასრულეთ ის, რასაც დავპირდით, ნდობას არყევს“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა გააჟღერა თავისი იდეა მრავალწლიანი გეგმის შექმნის შესახებ, რომელიც ნათლად განსაზღვრავს ალიანსის თითოეული წევრის წვლილს უკრაინის დასახმარებლად. სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს თანხა იქნება „პატარა ნაწილი“ იმისა, რაც აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა დახარჯეს ერაყსა და ავღანეთში.

„იქ ჩვენ ვსაუბრობთ ტრილიონებზე, ხოლო უკრაინაში ჩვენ ვსაუბრობთ მილიარდებზე, მაგრამ სინამდვილეში საქმე გვაქვს რეალურ გამოწვევასთან, უფრო აგრესიულ რუსეთთან“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.