მოდელირებული კვლევის თანახმად, ტყვიით მოწამვლას გლობალურ ჯანდაცვაზე იმაზე დიდი გავლენა აქვს, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა; პოტენციურად სწორედ მასზე მოდის ყოველწლიურად ხუთი მილიონი ადამიანის სიკვდილი მსოფლიოში.
კვლევა, რომელსაც „გამოსაღვიძებელი ზარი“ უწოდეს, ასევე ვარაუდობს, რომ განვითარებად ქვეყნებში ამ ტოქსიკური ლითონის ზემოქმედება პატარა ბავშვებში IQ-ის მაჩვენებლის საშუალოდ თითქმის ექვსი ერთეულით შემცირებას იწვევს.
დიდი ხანია, ცნობილია, რომ ტყვიით დაბინძურება ჯანმრთელობის მრავალ სერიოზულ პრობლემას იწვევს, განსაკუთრებით გულის დაავადებებთან დაკავშირებულს, პატარა ბავშვებში პრობლემას უქმნის თავის ტვინის განვითარებას. სწორედ ამიტომ, ტყვიის შემცველი ბენზინი მთელ მსოფლიოში აიკრძალა.
თუმცა, ამ ძლიერმა ნეიროტოქსინმა ადამიანებზე მაინც შეიძლება იმოქმედოს საკვების, ნიადაგის, ჭურჭლის, სასუქების, კოსმეტიკის, მანქანის ტყვიის მჟავა ბატარეებისა და სხვა წყაროების მეშვეობით.
მსოფლიო ბანკის ორი ეკონომისტის მიერ ჟურნალ Lancet Planetary Health-ში გამოქვეყნებული კვლევა პირველია, რომელიც აფასებს ტყვიის ზემოქმედებას გულის დაავადებებსა და ბავშვების IQ მაჩვენებლის გაუარესებაზე მდიდარ და განვითარებად ქვეყნებში.
როგორც კვლევის ავტორმა, ბიორნ ლარსენმა AFP-ს განუცხადა, როცა მან და მისმა კოლეგამ მათი მოდელის მიერ გამოთვლილი რიცხვი პირველად ნახეს, ამ რიცხვის „ჩურჩულით თქმაც კი ვერ გაბედეს“, რადგან ის უზარმაზარი იყო.
მათი მოდელის შეფასებით, 2019 წელს, ტყვიის ზემოქმედებით გამოწვეული გულის დაავადებებით 5,5 მილიონი ზრდასრული ადამიანი დაიღუპა მსოფლიოში. მათი 90 პროცენტი დაბალ და საშუალო შემოსავლიან ქვეყნებში ცხოვრობდა.
ეს მაჩვენებელი ექვსჯერ მაღალია, ვიდრე წინა შეფასება და წარმოადგენს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის დაახლოებით 30 პროცენტს. გულ-სისხლძარღვთა დაავადებები მსოფლიოში ადამიანთა სიკვდილიანობის მთავარი მიზეზია.
ლარსენის განცხადებით, ეს იმას უნდა ნიშნავდეს, რომ ტყვიის ზემოქმედება გულის დაავადებათა იმაზე დიდი მიზეზია, ვიდრე მოწევა ან ქოლესტერინი.
კვლევა ასევე აფასებს, რომ 2019 წელს, გლობალურად, ხუთი წლის ქვემოთ ბავშვებმა გლობალურად 765 მილიონი IQ ქულა დაკარგეს ტყვიით მოწამვლის გამო. დანაკარგის 95 პროცენტი განვითარებად ქვეყნებზე მოდიოდა.
ეს მაჩვენებელი თითქმის 80 პროცენტით მაღალია, ვიდრე წინა შეფასების.
მსოფლიო ბანკის მკვლევართა შეფასებით, ტყვიის ზემოქმედების ეკონომიკური ღირებულება 2019 წელს 6 ტრილიონი დოლარი იყო, რაც გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის შვიდი პროცენტის ეკვივალენტი იყო.
ანალიზებისთვის მკვლევრებმა გამოიყენეს პროგრამა Global Burden of Disease-ის ფარგლებში 2019 წელს მსოფლიოს 183 ქვეყანაში განსაზღვრული ტყვიის დონეები სისხლში.
წინა კვლევები გულის დაავადებებზე ტყვიის ეფექტს მხოლოდ იმ შემთხვევაში ზომავდა, როცა საქმე არტერიული წნევის მატებას ეხებოდა. თუმცა, ახალმა კვლევამ გულზე ტყვიის სხვა მრავალი ეფექტიც შეისწავლა, მაგალითად, არტერიების გამკვრივება, რასაც ინსულტის გამოწვევა შეუძლია; რიცხვები აქაც მაღალი აღმოჩნდა.
ბრიტანეთის ბირმინგემის უნივერსიტეტის ჰაერის დაბინძურებისა და ჯანდაცვის ექსპერტი როი ჰარისონი, რომელიც ამ კვლევაში ჩართული არ ყოფილა, აღნიშნავს, რომ კვლევა საინტერესოა, მაგრამ შეიცავს ბევრ გაურკვევლობას.
მაგალითად, სისხლში ტყვიის შემცველობასა და გულის დაავადებას შორის კავშირი ეფუძნება მხოლოდ აშშ-ის მონაცემებს და საკითხავია, ასეა თუ არა მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
ჰარისონი ასევე აღნიშნავს, რომ ბევრი განვითარებადი ქვეყნისთვის, მოდელმა გამოიყენა სისხლში ტყვიის შემცველობის შეფასებები და არა ტესტები.
მისი თქმით, თუ შედეგები დადასტურდა, ამას დიდი მნიშვნელობა ექნება საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის, მაგრამ ამ ეტაპზე, ეს ჯერ მხოლოდ ჰიპოთეზაა.
არასამთავრობო ორგანიზაცია Pure Earth-ის პრეზიდენტის, რიჩარჩ ფულერის განცხადებით, როდესაც სხვადასხვა პროგრამა განვითარებად ქვეყნებში სისხლში ტყვიის ტესტებს ატარებს, დონე ძირითადად იმაზე მეტია, ვიდრე ამას ახალი კვლევა ვარაუდობს.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ ტყვიის გავლენა შეიძლება გაცილებით უარესი იყოს, ვიდრე ეს მოხსენება აღწერს.
მისივე განცხადებით, ჯერ კიდევ ცოტა გაურკვევლობაა, როდესაც საქმე ეხება იმის დადგენას, რა წვლილი შეაქვს ტყვიის სხვადასხვა წყაროს სისხლის დაბინძურებაში.
ფულერის განცხადებით, „ამ ფაზლის ნაკლულ ნაწილს“ Pure Earth-ის ახალი მოხსენება ავსებს, რომლის ფარგლებშიც 25 ქვეყანაში შეისწავლეს სამომხმარებლო საქონლის 5000 ნიმუში.
ტყვიით დაბინძურების მაღალი მაჩვენებელი აღმოჩნდა ლითონის ქვაბებსა და ტაფებში, კერამიკულ ჭურჭელში, საღებავებში, კოსმეტიკასა და სათამაშოებში.
„ამიტომ არის ღარიბ ქვეყნებში ტყვიით მოწამვლის ამხელა მაჩვენებელი. ხალხს იქ სამზარეულოს ნივთები წამლავს“, — ამბობს ფულერი.
მომზადებულია AFP-ის მიხედვით.