თუ ვენერაზე სიცოცხლე არსებობს, ის სრულიად სხვა ტიპის ორგანიზმი უნდა იყოს — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
თუ ვენერაზე სიცოცხლე არსებობს, ის დედამიწაზე არსებულ არც ერთ ორგანიზმს არ უნდა ჰგავდეს. ამის შესახებ მეცნიერები ახალ კვლევაში იუწყებიან.
2020 წლის ბოლოს, აქტუალური გახდა საკითხი ვენერას პოტენციური სიცოცხლისუნარიანობის შესახებ. ამის მიზეზი პლანეტის ატმოსფეროში ფოსფინის აღმოჩენა გახდა, რომელიც ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ჰიპოთეტურად შეიძლება ბიოხელწერის მტკიცებულება იყოს.
მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხის ირგვლივ მეცნიერთა შორის მწვავე დებატები გაჩაღდა, აღმოჩენამ ხელახლა გააღვივა ინტერესი იმ იდეის მიმართ, რომ ვენერა, ტოქსიკური და ჯოჯოხეთური გარემოს მქონე პლანეტა შეიძლება სიცოცხლისთვის ხელსაყრელი იყოს.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ პირველად ათწლეულების შემდეგ, NASA ვენერას შესასწავლად ორ მისიას გაუშვებს, რომლებმაც შეიძლება საბოლოოდ გვითხრას, იყო თუ არა ოდესმე ეს არასტუმართმოყვარე პლანეტა სიცოცხლისთვის ხელსაყრელი.
იქამდე ჯერ წლები გვაშორებს, მაგრამ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული ახალი კვლევა გვთავაზობს, რომ ვენერაზე სიცოცხლის ნიშნების პოვნას უახლოეს პერიოდში არ უნდა ველოდოთ.
ბელფასტის კვინსის უნივერსიტეტის მიკრობიოლოგის, ჯონ ჰოლსვორთის მიერ ჩატარებული ანალიზების მიხედვით, ვენერას ღრუბლებში წყლის ნაკლებობა იქ სიცოცხლეს გამორიცხავს — სულ მცირე ისეთს, როგორიც ჩვენ ვიცით, რადგან უბრალოდ, იქ ორგანიზმთა ფუნქციონირებისთვის საკმარისი წყალი არ არის.
მკვლევრებმა გამოთვალეს წყლის აქტივობა — თერმოდინამიკური პარამეტრი, რომელიც ეფექტურად არის ატმოსფეროს ფარდობითი ტენიანობის ეკვივალენტი; შედეგად დაასკვნეს, რომ ვენერას ატმოსფეროში დედამიწაზე არსებულის მსგავსი ვერანაირი ორგანიზმი ვერ გადარჩება.
„წყლის აქტივობა მიკრობულ უჯრედთა ფუნქციონირების მძლავრი განმსაზღვრელია, შესაბამისად, სიცოცხლისუნარიანობის მთავარი მსაზღვრელიც“, — წერენ მკვლევრები პუბლიკაციაში.
წყლის აქტივობას ნულიდან (მინიმუმი) ერთამდე (ტენიანობის მაქსიმუმი, 100 პროცენტი) მასშტაბში ზომავენ. როგორც მეცნიერთათვის არის ცნობილი, ორგანიზმში ბიოლოგიური ფუნქციები მას შემდეგ წყდება, რაც წყლის აქტივობის დონე 0,585-ზე ჩამოვა — ეს ჩვენთვის ცნობილი ყველაზე დაბალი ზღვარია და სოკოს ქსეროფილ სახეობა Aspergillus penicillioides-ში დაფიქსირდა.
სამწუხაროდ, ვენერას მშრალი ღრუბლები ძირითადად გოგირდმჟავას წვეთებისგან შედგება და წყლის აქტივობა 0,585 მაჩვენებელთან ახლოსაც კი არ არის და დაახლოებით ≤0.004-ს უდრის.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ვენერას ატმოსფერო ასჯერ უფრო მშრალია, ვიდრე სიცოცხლის ეს ჰიპოთეტური ზღვარი.
ამავე საზომით, სიცოცხლის ფუნქციონირებისთვის ზედმეტად მშრალად შეიძლება ჩაითვალოს მარსის ატმოსფეროც, მიუხედავად იმისა, რომ წყლის აქტივობა იქ ≤0.537-ია და ოდნავ დაბალია სასიცოცხლო დიაპაზონზე.
წყლის აქტივობის თვალსაზრისით, ბიოლოგიისთვის შედარებით ხელსაყრელია იუპიტერის ღრუბლები, მაგრამ მხოლოდ –10 °C-დან 40 °C-მდე დიაპაზონში. თუმცა, მკვლევრები შენიშნავენ, რომ ეს ღრუბლების სიცოცხლისუნარიანობის შეფასების მხოლოდ პირველი ნაბიჯია, რადგან გასათვალისწინებელია ღრუბლების სხვა ქიმიური კომპონენტებიც.
დედამიწის ატმოსფეროში წყლის აქტივობა სიცოცხლისთვის ხელსაყრელია, მაგრამ მხოლოდ ტროპოსფეროს ქვედა ნაწილში, სტრატოსფეროს ზედა ნაწილი და მეზოსფერო კი სიცოცხლისათვის ზედმეტად მშრალია.
რაც შეეხება მზის სისტემის სხვა პლანეტებს, მათ შორის სატურნს, ურანსა და ნეპტუნს, ასეთი ანალიზების ჩასატარებლად, მათი ატმოსფეროების შესახებ ამჟამად საკმარისი ინფორმაცია არ გაგვაჩნია, მაგრამ შეიძლება გვქონდეს მომავალში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გაეშვება NASA-ს ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი.
ის ფაქტი, რომ ვენერასა და მარის ატმოსფეროები იმაზე მშრალია, ვიდრე დედამიწაზე არსებული ექსტრემოფილების სიცოცხლისათვის საჭირო ქვედა ზღვარი, რა თქმა უნდა, სულაც არ ნიშნავს, რომ ამ პლანეტებზე სიცოცხლე მთლად შეუძლებელია.
თუმცა, ისინი ძალიან, ძალიან უნდა განსხვავდებოდნენ მეცნიერებისთვის ცნობილი ნებისმიერი ორგანიზმისგან. სულ ეს არის.
„ამჟამინდელი კვლევის საფუძველზე, უნდა წარმოვიდგინოთ ხარისხობრივად სრულიად ახალი ტიპის ორგანიზმი, რათა ვენერას ატმოსფეროში სიცოცხლის არსებობის შანსი დავუშვათ, ყოველ შემთხვევაში ისეთი სიცოცხლის, როგორიც ჩვენ ვიცით“, — განმარტავენ მკვლევრები.
კვლევა ჟურნალ Nature Astronomy-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.