ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრინდა. ტოჩინოშინმა სულ ცოტა ხნის წინ ოძეკის რანგი მოიპოვა, მანამდე კი ნაცუ ბაშოს ვიცე-ჩემპიონი გახდა. აეროპორტში მას უამრავი გულშემატკივარი დახვდა.
ლევანი სამშობლოში ერთწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა.
„ერთი წელი არის, რაც საქართველოში არ ვყოფილვარ და არაჩვეულებრივია ეს დახვედრა. ამდენი ხალხი დამხვდა დღეს, თქვენ მაძლიერებდით და მაძლიერებთ ყოველთვის. დღეს ძალიან ბედნიერი ვარ“, – განაცხადა ტოჩინოშინმა.
ტოჩინოშინი პირველად შეხვდა შვილს, რომელიც მაშინ გაჩნდა, როდესაც ლევანი იაპონიაში იმყოფებოდა.
დღეს საღამოს ოჯახის წევრები, გულშემატკივრები და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები ლევანს დახვედრას მის მშობლიურ სოფელში, ძეგვშიც მოუწყობენ.