ტესტირებისას, ჯეიმს ვების ტელესკოპმა ფოტო იუპიტერსაც გადაუღო — #1tvმეცნიერება
უკვე ვიცით, რომ პლანეტური ნისლეულის გადაღებისას, ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა შემთხვევით შორეული გალაქტიკაც დააფიქსირა.
თუ ეს საკმარისი არ არის, კიდევ ერთ ამბავს გეტყვით: როგორც ჩანს, ტელესკოპმა უჩუმრად იუპიტერსაც გადაუღო! ფოტოები წარმოუდგენლად მშვენიერია.
ტელესკოპის ჯგუფის განცხადებით, სურათები ტესტირებისას არის გადაღებული.
ფოტოებზე ჩანს იუპიტერი თავის რგოლებით, ასევე მისი სამი ბუნებრივი თანამგზავრი: ევროპა, თებე და მეტიდა.
მარცხენა სურათზე, იუპიტერის სახელგანთქმული დიდი წითელი ლაქის გვერდით, ასევე ხედავთ ევროპას ჩრდილს.
ფოტოები ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის ახლო-ინფრაწითელი კამერის (NIRCam) მიერ არის გადაღებული და გამოიყენეს ორი სხვადასხვა ფილტრი, რომლებიც სინათლის ცალკეულ ტალღის სიგრძეებს წარმოაჩენს.
ტესტის ერთ-ერთი მიზანი იყო იმაში დარწმუნება, რომ ტელესკოპს შეუძლია თვალყური ადევნოს მზის სისტემაში სწრაფად მოძრავ ობიექტებს.
ამისათვის, ვებმა ცხრა სამიზნე გადაიღო, რომელთა შორის იუპიტერი ყველაზე ნელა მოძრავი ობიექტი იყო.
ტესტმა ასევე აჩვენა, რომ ჯეიმს ვების გამოყენება შესაძლებელია მთვარეებისა და რგოლების მსგავსი დეტალების გადასაღებად ისეთი კაშკაშა პლანეტის გარშემო, როგორიც არის იუპიტერი.
„ვვარაუდობდით, რომ ძლიერ გამომწვევი იქნებოდა კაშკაშა პლანეტაზე, მის თანამგზავრებსა და რგოლებზე დაკვირვება, რადგან გაფანტულმა სინათლემ შეიძლება სამეცნიერო ინსტრუმენტებს შეუშალოს ხელი; კიდევ იმიტომ, რომ დამიზნების სენსორს უნდა ეთვალთვალა კაშკაშა პლანეტის სიახლოვეს გამოჩენილი ვარსკვლავებისთვის“, — განმარტავს ვების ჯგუფი ექსპლუატაციაში შესვლის ანგარიში.
მათივე განცხადებით, ამ დაკვირვებებმა დაადასტურა, რომ ყველაფერმა წარმატებით იმუშავა და ნიშნავს იმას, რომ ჯეიმს ვები შეიძლება საკმაოდ გამოგვადგეს დედამიწასთან ახლომდებარე ობიექტების სათვალთვალოდაც.
ანგარიშში წერია, რომ საერთო ჯამში, ტელესკოპი მოსალოდნელზე უკეთესად მუშაობს.
„ექსპლუატაციაში გაშვების ექვსთვიანი პროცესის მთავარი შედეგი შემდეგია: ჯეიმს ვებს სრულად შეუძლია იმ აღმოჩენათა მიღწევა, რისთვისაც შეიქმნა. აიგო იმისთვის, რომ ფუნდამენტური გარღვევა მოახდინოს ჩვენეულ წარმოდგენაში გალაქტიკების, ვარსკვლავებისა და პლანეტური სისტემების წარმოქმნისა და ევოლუციის შესახებ. დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეც მოხდება“, — წერენ ავტორები მოხსენებაში.