იუპიტერის დიდ წითელ ლაქას, სანამ ეს შესაძლებელია, კარგად დააკვირდით. გიგანტური შტორმი პატარავდება და შეიძლება, სულ მალე მხოლოდ ჩვენს მოგონებებში შემორჩეს.
2017 წლის ივლისში, NASA-ს კოსმოსურმა ხომალდმა „ჯუნომ“ დიდ წითელ ლაქას მომაჯადოებელი ფოტოები გადაუღო — გიგანტური ქარიშხლის ყველაზე ახლო ხედები, რაც კი ოდესმე გვინახავს.
იუპიტერის სუპერშტორმი დედამიწაზე განიერია და სავარაუდოდ, 1600-იანი წლების შემდეგ მძვინვარებს. შედარებისთვის, დედამიწის ყველაზე ხანგრძლივი შტორმი, ქარიშხალი „ჯონი“ 1994 წელს მხოლოდ 31 დღეს გაგრძელდა.
რატომ გასტანა ამდენ ხანს იუპიტერის შტორმმა — ამ საკითხზე გამოცემა Business Insider-ს „ჯუნოს“ მისიის ხელმძღვანელი გლენ ორტონი ესაუბრა.
„ვფიქრობ, ბორბალივით მოძრავი დიდი წითელი ლაქა ბრუნვას ინარჩუნებს იმიტომ, რომ ჩაჭედილია ერთმანეთის საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავ ორ გადამტან სარტყელს შორის. დიდი წითელი ლაქა ასე ხანგრძლივი და სტაბილური იმიტომ არის, რომ მყარად არის ჩაჭედილი ორ ურთიერთსაწინააღმდეგო ნაკადს შორის“.
იუპიტერის ნაკადებს მოძრაობა შეუძლია 500 კმ/სთ სიჩქარით; სწორედ ამიტომ, ისინი ძალიან დიდ ძალას ანიჭებენ ნებისმიერ შტორმს, რომელიც პლანეტის ბრუნვის საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობს. ორტონის თქმით, ზუსტად ეს ანიჭებს ქარიშხალს „კვების იმპულსს“.
„ჯუნოს“ შემდეგი მიახლოება დიდ წითელ ლაქასთან 2018 წლის აპრილში მოხდება, შემდეგ კი 2019 წლის ივლისსა და სექტემბერში, მაგრამ ხომალდის ხედები ისე ახლოდან აღარ იქნება, როგორც 2017 წლის გადაფრენებისას.
როდის გაქრება დიდი წითელი ლაქა?
დედამიწაზე შტორმები ასობით წელიწადს ვერ გრძელდება, რადგან იუპიტერისგან განსხვავებით, ჩვენი პლანეტის ზედაპირი გახვეული არაა ათობით ათასი კმ სისქის ატმოსფეროში.
ნაცვლად ამისა, დედამიწის დინამიკური ატმოსფერო ახლო კონტაქტშია ისეთ მახასიათებლებთან, როგორებიცაა ხმელეთი და ოკეანე. გარდა ამისა, დედამიწა გაცილებით პატარაა და საკუთარი ღერძის გარშემო ბევრად ნელა ბრუნავს, ვიდრე იუპიტერი.
ორტონის თქმით, დიდი წითელი ლაქა და იუპიტერის სხვა შტორმები სამუდამოდ მაინც ვერ გაგრძელდება.
„სინამდვილეში, დიდი წითელი ლაქა უკვე დიდი ხანია პატარავდება“, — ამბობს იგი.
ორტონის განცხადებით, 1800-იანი წლების ბოლოს, შტორმი სავარაუდოდ 30-გრადუსიანი გრძედის სიგანის იყო. ეს მაჩვენებელი კი 56 000 კილომეტრს უდრის, ანუ ოთხჯერ აღემატება დედამიწის დიამეტრს.
1979 წელს, როდესაც იუპიტერს ხომალდმა „ვოიაჯერ 2“-მა გადაუფრინა, შტორმი უკვე იმდენად იყო შემცირებული, რომ მხოლოდ ორჯერ აღემატებოდა ჩვენი პლანეტის სიგანეს.
„ამჟამად მისი სიგანე მხოლოდ 13-გრადუსიანი გრძედისას უდრის და 1,3-ჯერ აღემატება დედამიწის ზომას. სამუდამოდ არაფერი გრძელდება“, — ამბობს „ჯუნოს“ მისიის ხელმძღვანელი, გლენ ორტონი.
როგორც ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის მონაცემები აჩენებს, თანდათან ქრება პლანეტა ნეპტუნის ცნობილი შტორმიც. გამოცემა Space.com-ის ცნობით, ეს შტორმი რამდენიმე წელიწადში სრულიად გაქრება.
თუმცა, სიცოცხლის ხანგრძლივობის თვალსაზრისით, ბევრად უკეთესი მდგომარეობა არც იუპიტერის დიდ წითელ ლაქას აქვს.
„დაახლოებით 10-20 წელიწადში, დიდი წითელი ლაქა გადაიქცევა დიდ წითელ წრედ. ოდესღაც კი მისგან მხოლოდ დიდი წითელი მოგონება დარჩება“, — ამბობს ორტონი.
მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით