რა აღმოაჩინა ჯუნომ იუპიტერის დიდ წითელ ლაქაზე გადაფრენისას
რა აღმოაჩინა ჯუნომ იუპიტერის დიდ წითელ ლაქაზე გადაფრენისას

იუპიტერის დიდი წითელი ლაქა არის შტორმი, რომლის მსგავსიც კაცობრიობას სხვაგან არსად, არასოდეს უნახავს.

ჟოლოსფერი ანტიციკლონი სინამდვილეში ქარია, რომელიც დედამიწის ზედა ატმოსფერულ ქარებზე სამჯერ ძლიერია. ლაქა იმდენად დიდია, რომ თავისუფლად ჩაყლაპავდა დედამიწას.

დაზუსტებით ვიცით, რომ ის უფრო ხნიერია, ვიდრე დღეს ცოცხალი ნებისმიერი ადამიანი — სულ მცირე 187 წლის. დიდი ალბათობით, იგი გაზის გიგანტი პლანეტის ზედაპირზე კიდევ დიდხანს იმძვინვარებს მას შემდეგ, რაც ყველანი დავიხოცებით.

მეცნიერებმა არ იციან დიდი წითელი ლაქის საოცარი დღეგრძელობის საკითხი. ვერ ხსნიან მის ქიმიურ შემადგენლობასაც.

თუმცა, NASA-ს კოსმოსურ ხომალდ „ჯუნოს“ წყალობით, რომელიც უკვე მეორე წელია იუპიტერის ორბიტაზე მოძრაობს, მკვლევრებმა უკვე იციან, რომ შტორმი ძალიან ღრმად ვრცელდება: საკმაოდ ცხელი, მგრგვინავი გაზი, დიდ წითელ ლაქას იუპიტერის წიაღში 350 კმ სიღრმეზე განავრცობს.

აღმოჩენის შესახებ რამდენიმე დღის წინ, ამერიკის გეოფიზიკური კავშირის ყოველწლიურ შეხვედრაზე გახდა ცნობილი. წარმოადგინეს სხვა შედეგებიც, რომლებიც მზის სისტემის უდიდესი პლანეტის გარშემო ჯუნოს პირველი რვა შემოვლის შემდეგ გახდა ცნობილი.

ხომალდი იუპიტერის ორბიტაზე 2016 წლის 4 ივლისს გავიდა და მას შემდეგ, გაზის გიგანტს გარს უვლის ყოველ 53 დღეში ერთხელ; მოძრაობს იუპტერის ზედა ღრუბლებსა და რადიაციულ სარტყლებს შორის.

დედამიწის შემთხვევაში, დიდი წითელი ლაქა საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ორბიტის სიმაღლეზე იქნებოდა. ჩვენი პლანეტის უსასასტიკი ქარიშხლების უმაღლესი ღრუბლები ზედაპირიდან 16 კმ სიმაღლეზეა.

„დიდი წითელი ლაქის ქცევის გაგება მეცნიერებს დაეხმარება დედამიწის ამინდის გაგების გაუმჯობესებაში“, — ამბობს ჯუნოს მისიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის პლანეტარული მეცნიერი ენდი ინგერსოლი.

იუპიტერის გიგანტურ შტორმს იგი უწოდებს „სტრესის ტესტს“ დედამიწაზე დაფუძნებული ამინდის მოდელებისათვის.

უცნობია თუ რას ნიშნავს ეს აღმოჩენა შტორმის მომავლისთვის — ინგერსოლის თქმით, ლაქამ ტრადიციული ამინდის მოდელები უკვე მათ ლიმიტებამდე გადაჭიმა.

თუმცა აღსანიშნავია, რომ ლაქა გამუდმებით პატარავდება მას შემდეგ, რაც მას 1979 წელს ხომალდი ვოიაჯერ 2 ესტუმრა; მაგრამ იგი მაინც იმდენად დიდია, რომ თავისუფლად მოთავსდებოდა ორი დედამიწა.

ზედა ღრუბლებიდან საკმაოდ მაღლა, იუპიტერს გარს აკრავს რადიაციის სარტყლები, რომლებიც წარმოქმნილია პლანეტის მაგნიტურ ველში ჩაჭედილი დამუხტული ნაწილაკებისგან.

რამდენიმე დღის წინ, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ პლანეტის ატმოსფეროს თავზე, ეკვატორთან, ჯუნომ რადიაციის ახალი ზონა აღმოაჩინა.

ამ რეგიონში არსებული მაღალენერგიული ნაწილაკები გაცილებით უფრო ინტენსიურია, ვიდრე რადიაციული სარტყლების წარმომქმნელი ნაწილაკები. თუმცა, ჯუნომდე იქ გავლილი რვა ხომალდიდან, მათი შემჩნევა ვერც ერთმა ვერ შესძლო.

„ჯუნოს ორბიტა ისეთია, რომ ჩვენ პირდაპირი მნიშვნელობით მასში გავიფრინეთ“, — ამბობს NASA-ს რეაქტიულ ძრავთა ლაბორატორიის ფიზიკოსი ჰეიდი ბეკერი, რომელიც ჯუნოს რადიაციის კვლევის ჯგუფს ხელმძღვანელობს.

მკვლევართა აზრით, ამ რეგიონში რადიაციას წარმოქმნის წყალბადის, ჟანგბადის და გოგირდის სწრაფად მოძრავი ატმომები.

ეს ნაწილაკები წარმოქმნილია იუპიტერის მთვარეების — იოსა და ევროპას გარშემო არსებულ გაზის ღრუბლებში, იუპიტერის ატმოსფეროსთან ურთიერთქმედებისას, ისინი კარგავენ ელექტრონებს და იმუხტებიან.

იუპიტერის შიდა რადიაციულ სარტყელში, ჯუნომ მაღალენერგიულ ნაწილაკთა კიდევ ერთი ზონა იპოვა, სადაც ელექტრონები თითქმის სინათლის სიჩქარით მოძრაობენ. ბეკერი და მისი კოლეგები ამ ნაწილაკთა ზუსტ ბუნებას ჯერ კიდევ სწავლობენ.

იუპიტერის შესახებ ჯუნოს მიერ გაკეთებულ სხვა აღმოჩენებს შორისაა 965 კმ სიგანის ციკლონები პლანეტის პოლუსებთან და უთანასწორო მაგნიტური ველი, რომელიც ზოგიერთ ადგილებში სუსტია, ზოგიერთში კი დედამიწისაზე 10-ჯერ ძლიერია.

გარდა ამისა, ათასობით ფოტო გადაიღო და დედამიწაზე გამოაგზავნა ხომალდის მაღალი რეზოლუციის კამერამ. შედეგად, ვიხილეთ ისეთი იუპიტერი, როგორიც მანამდე არასოდეს გვენახა.

ლექციაზე, პროექტის მეცნიერმა სკოტ ბოლტონმა მაღლა ასწია და ყველას უჩვენა ჯუნოს მიერ გადაღენული ერთ-ერთი ფოტო, რომელზეც ასახული იყო იუპიტერის ლურჯად შეფერილი პოლარული შტორმები და მუქი ყვითელი გაზები.

„ეს ფოტო რომ ხუთი წლის წინ გვენახა, ვერაფრით გამოვიცნობდით, რომელი პლანეტა იყო მასზე ასახული“, — აღნიშნა ბოლტონმა.

მომზადებულია The Washington Post-ის მიხედვით