იუპიტერის თვალწარმტაცი სამხრეთ ნახევარსფერო - ახალი ფოტო ჯუნოსგან
იუპიტერის თვალწარმტაცი სამხრეთ ნახევარსფერო - ახალი ფოტო ჯუნოსგან

თქვენ წინაშეა იუპიტერის სამხრეთ ნახევარსფეროს მომხიბვლელი, საოცრად დეტალური ფოტო, რომელიც NASA-ს კოსმოსურმა ხომალდმა „ჯუნომ“ გადაიღო.

ფერებმომატებულ სურათზე ასახულია თეთრი ოვალური წარმონაქმნები, ე. წ. „მარგალიტის სიმები“ — მბრუნავი შტორმების მასიური რეგიონები გაზის გიგანტი პლანეტის სამხრეთის 40 გრადუიან განედზე.

ფოტო გადაღებულია 2017 წლის 24 ოქტომბერს, იუპიტერზე ჯუნოს მეცხრე ახლო გადაფრენისას. გადაღების მომენტში, ხომალდი იუპიტერის ზედა ღრუბლებიდან 33 115 კმ მანძილზე იმყოფებოდა.

ფოტოს სივრცული მასშტაბია 22,3 კმ პიქსელზე.

JunoCam imager-ის მონაცემებიდან ფოტო დაამუშავა მოყვარულმა მეცნიერმა ჯერალდ ეიხშტადტმა.

ჯუნოს კამერის მიერ გადაღებული ნედლი მასალა საჯაროდაა ხელმისაწვდომი NASA-ს საიტზე.

ჯუნო 2011 წლის 5 აგვისტოს, ფლორიდიდან, კანავერალის კონცხიდან გაუშვეს. იუპიტერის ორბიტაზე ის 2016 წლის 4 ივლისს გავიდა. ხომალდი პლანეტას 3 400 კმ მანძილამდე უახლოვდება და სწავლობს იუპიტერის წარმოშობას, სტრუქტურას, ატმოსფეროსა და მაგნიტოსფეროს.

ჯუნოს მოძრაობა იუპიტერის გარშემო

 

მომზადებულია nasa.gov-ის მიხედვით

დატოვე კომენტარი