პლანეტური ნისლეულის გადაღებისას, ჯეიმს ვების ტელესკოპმა შემთხვევით შორეული გალაქტიკაც დააფიქსირა — #1tvმეცნიერება
პლანეტური ნისლეულის გადაღებისას, ჯეიმს ვების ტელესკოპმა შემთხვევით შორეული გალაქტიკაც დააფიქსირა — #1tvმეცნიერება

თუ ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მიერ გადაღებულ პირველ სრულფასოვან ფოტოებს ვერ სწყდებით და ჯერ ისევ დასცქერით, მარტო არ ხართ. სურათები ჩვენი სამყაროს გარკვეული რეგიონებს ჯერ არნახულ დეტალებში ასახავს.

თუმცა, არის ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც ერთი შეხედვით გამოგვრჩა!

სამხრეთის ბეჭდის ნისლეულის ფოტოს ზედა მარცხენა კუთხეში მალულად მოჩანს სინათლის ზოლი, რაც სინამდვილეში, გალაქტიკის გვერდითა ხედია.

„ნიძლავი დავდე, რომ ის ნისლეულის ნაწილი იყო, მაგრამ წავაგე, რადგან როდესაც უფრო დაკვირვებით შევისწავლეთ, ის აშკარად გალაქტიკის კიდეა“, — ამბობს NASA-ს ასტრონომი კარლ გორდონი.

ფოტო არა მხოლოდ უბრალოდ საოცარია, არამედ ისეა განლაგებული ჩვენთან მიმართებაში, რომ ასტრონომებმა უნდა შეძლონ იმის შესწავლა, როგორ არის ვარსკვლავები მასში გადანაწილებული.

ფოტოს ძირითადი ნაწილი ასახავს ჩვენგან დაახლოებით 2000 სინათლის წლის მანძილზე მდებარე სამხრეთის ბეჭდის ნისლეულს, რომელიც წარმოქმნილია მომაკვდავი ვარსკვლავის მიერ გამოტყორცნილი მტვრისა და გაზის ღრუბლებით.

ნისლეულის ცენტრში ორი ვარსკვლავია. უფრო მკრთალი თეთრი ჯუჯაა — მკვდარი ვარსკვლავის კოლაფსირებული ბირთვი; სიცოცხლეში ეს ვარსკვლავი მასით ჩვენს მზეს რვაჯერ აღემატებოდა.

სიცოცხლის დასასრულს, მან გარე ფენები მოიშორა, ბირთვი კი ულტრამკვრივ ობიექტად კოლაფსირდა — დედამიწის ზომის ობიექტად, რომელშიც მზეზე 1,4-ჯერ მეტი მასა იყრის თავს.

უფრო კაშკაშა ვარსკვლავი საკუთარი ევოლუციის ადრეულ ეტაპზეა და ერთ მშვენიერ დღეს, საკუთარ ნისლეულს ისიც წარმოქმნის.

მარცხენა ფოტო ჯეიმს ვების ახლო-ინფრაწითელმა კამერამ გადაიღო და ნარინჯისფრად ასახავს ახლად ჩამოყალიბებული გაფართოების წყალბადს, ცისფერი ნისლი კი მკვდარი ვარსკვლავის ნარჩენი, ცხელი ბირთვის მიერ გამოყოფილი ცხელი იონიზებული გაზია.

მარჯვენა ფოტო ტელესკოპის შუა-ინფრაწითელმა ინსტრუმენტმა გადაიღო. ცისფრად ასახულია ნახშირწყალბადები, რომლებიც წყალბადის მტვრის ზედაპირზე გროვდება.

მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.