კახა კალაძე - თბილისის გულში ინვესტიცია მეტ მიმზიდველ ადგილს და შემოსავალს ნიშნავს
კახა კალაძე - თბილისის გულში ინვესტიცია მეტ მიმზიდველ ადგილს და შემოსავალს ნიშნავს

რუსთაველის გამზირზე, „გალერია თბილისის“ გახსნაზე სიტყვით გამოვიდა თბილისის მერი კახა კალაძე, რომელმაც პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი განხორციელებისთვის დაახლოებით 97 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯა.

კახა კალაძის თქმით, „გალერია თბილისში“ 1000-მდე ადამიანი დასაქმდება. თბილისის მერმა მადლობა გადაუხადა იმ ადამიანებს, რომლებმაც პროექტის განხორციელებაში მიიღეს მონაწილეობა. მისივე განცხადებით, პროექტის განხორციელება ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.

„ჩვენს დედაქალაქს „თანაინვესტირების ფონდმა“ უმნიშვნელოვანესი პროექტი აჩუქა – სავაჭრო ცენტრი „გალერია თბილისი“ რუსთაველის გამზირზე, ძველი უნივერმაღის ადგილას აშენდა, რომელიც თავისი მასშტაბით, ფუნქციური დატვირთვითა და იერსახით, დედაქალაქის ახალი ღირსშესანიშნავი ადგილი გახდება. აქ, თბილისის გულში კვლავ იფუნქციონირებს სავაჭრო ცენტრი, სადაც დასაქმდებიან ჩვენი მოქალაქეები, 1000-მდე ახალი სამუშაო ადგილი იქნება, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, იმის გათვალისწინებით, რომ ახალი სამუშაო ადგილების შექმნა ჩვენი გუნდისთვის არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული მიმართულება. პროექტის განხორციელებისთვის დაიხარჯა დაახლოებით 97 მილიონი ამერიკული დოლარი. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში, წლების განმავლობაში მიტოვებული ტერიტორია თანამედროვე, უმაღლესი დონის კულტურულ, სავაჭრო და გასართობ ცენტრად აქცია. პირველ რიგში კი, მადლობას ვუხდი ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ქალაქს ტრადიცია გაუცოცხლა და თბილისს საყვარელი ადგილი დაუბრუნა. ასე რომ, ტრადიცია გრძელდება, გელოდებით ყველას – თბილისელებს, ჩამოსულ სტუმრებს. ჩვენ კარგად გვესმის, რომ თბილისის გულში მსგავსი ინვესტიციების განხორციელება ტურისტებისთვის მეტ მიმზიდველ ადგილს და ქვეყანაში მეტ შემოსავალს ნიშნავს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კახა კალაძე ასევე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თხოვნას, „ლაღიძის წყლები“ და ცნობილი სახაჭაპურე რუსთაველის გამზირზე განახლდეს.

„მე ასევე ვიღებ ბატონი პრემიერის თხოვნას ლაღიძის წყლებთან დაკავშირებით. მართლაც, ჩვენ უნდა შევძლოთ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ღირსშესანიშნაობა დავუბრუნოთ ჩვენს დედაქალაქს, ჩვენს თბილისს და ნამდვილად ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის. აქვე მინდა განვაცხადო, როგორც დედაქალაქის მერმა, რა თქმა უნდა, ძალიან მოხარული ვარ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება ჩვენს დედაქალაქში. ასეთი შენობა-ნაგებობებით თბილისი მალე გახდება სიცოცხლით სავსე ქალაქი და ჩვენი მხრიდან, დედაქალაქის მერიის მხრიდან, ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან იქნება მაქსიმალური თანადგომა, რომ ხელი შევუწყოთ ასეთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.