კინოთეატრ „კავეაში" ფილმის ჩვენებაზე მაყურებელი დაუბრკოლებლად შედის
კინოთეატრ „კავეაში" ფილმის ჩვენებაზე მაყურებელი დაუბრკოლებლად შედის

„გალერია თბილისის“ შენობაში მდებარე კინოთეატრ „კავეაში” დაგეგმილი ფილმის ჩვენებაზე მაყურებელი დაუბრკოლებლად შედის.

შენობის მეოთხე სართულზე პოლიციამ კორიდორი მოაწყო, რის შედეგადაც მაყურებელს შეფერხების გარეშე შეუძლია გადაადგილება.

„ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილი აცხადებდა, რომ „გალერია თბილისის“ ბლოკირებას მოახდენდა და კინოჩვენებას ხელს შეუშლიდა.

მოგვიანებით, ფალავანდიშვილმა აღნიშნა, რომ უარი თქვეს რადიკალურ ქმედებებზე იმ მოტივით, რომ კინოთეატრის შესასვლელთან შუშის აივნებია და მიწოლით შესაძლოა, ვინმე დაშავებულიყო.

ამასთან, „გალერია თბილისის“ დაცვის სამსახურის მოწოდების მიუხედავად, ფალავანდიშვილი ამბობს, რომ კინოჩვენების ბოლომდე შენობის დატოვებას არ აპირებს.

ფალავანდიშვილის თქმით, მხარდამჭერებთან ერთად გეგმავს, ფილმის მაყურებლებს „სირცხვილის კორიდორი“ მოუწყოს.

გურამ ფალავანდიშვილის განცხადებით, „კავეაში“ მისვლას ხვალაც აპირებენ, რათა ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებას ხელი შეუშალონ.

ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენების გასაპროტესტებლად მოქალაქეები რამდენიმე კინოთეატრთან შეიკრიბნენ.

კინოთეატრებთან განვითარებულ მოვლენებს შეგიძლიათ, თვალი ადევნოთ ბმულზე.

დატოვე კომენტარი