„გალერია თბილისის“ დირექტორი - მაღაზიებს ზარალი არ აქვს, მხოლოდ ერთი დანადგარია დამწვარი
„გალერია თბილისის“ დირექტორი - მაღაზიებს ზარალი არ აქვს, მხოლოდ ერთი დანადგარია დამწვარი

მაღაზიებს ზარალი არ აქვს, მხოლოდ და მხოლოდ ერთი დანადგარია დამწვარი, სავარაუდოდ ხვალ სამუშაო რეჟიმში გავიხსნებით, – ამის შესახებ „გალერია თბილისის“ დირექტორმა, ნიკა ცინცაძემ განაცხადა.

როგორც ცინცაძე ამბობს, პირველადი დათვალიერებით ჩანს, რომ  ცეცხლი ტექნიკურ ოთახში გაჩნდა, რამაც დაკვამლიანება გამოიწვია.

„დაახლოებით 22:15 საათზე „გალერია თბილისში“ დაკვამლიანება იყო. პირველადი დათვალიერებით ჩანს, რომ ტექნიკურ ოთახში გაჩნდა ცეცხლი, რამაც გამოიწვია დაკვამლიანება, ხოლო დანადგარი, რომელიც უზრუნველყოფს სუფთა ჰაერის შემოტანას, ვიდრე ავტომატურ რეჟიმში გამოირთვებოდა, შემოიტანა კვამლი. ძალიან მალე მოხდა კერის აღმოჩენა და ჩაქრობა. ასევე დაცვის სამსახურმა ძალიან მალე მოახდინა ხალხის ევაკუაცია. დაშავებული არავინაა. მაღაზიებს ზარალი არ აქვს, მხოლოდ და მხოლოდ ერთი დანადგარია დამწვარი. სავარაუდოდ ხვალ სამუშაო რეჟიმში გავიხსნებით“,- განაცხადა ნიკა ცინცაძემ.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამმართველოს უფროსის, ოთარ კერესელიძის თქმით, ადგილზე მობილიზებული იყო რვა სახანძრო ავტოსისტემა და სამაშველო ჯგუფები.

„გალერია თბილისში“ შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება. დაახლოებით 4-5 წუთში მობილიზებული იყო რვა სახანძრო ავტოსისტემა და სამაშველო ჯგუფები. მოხდა ხალხის ევაკუაცია. სავარაუდოდ ცეცხლი გაუჩნდა ე.წ. გამწოვის მილს. უსაფრთხოების მიზნით ადგილზე რჩებიან სამაშველო ძალები“, – განაცხადა კერესელიძემ.