„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან შეიკრიბნენ
„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა დილის 06:30 საათიდან დაიწყეს შეკრება კახეთის გზატკეცილზე მდებარე შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან. ისინი აცხადებენ, რომ პრაიდის ორგანიზატორებს აქციის ჩატარების შესაძლებლობას არ მისცემენ.
სახალხო მოძრაობის ხელმძღვანელი გურამ ფალავანდიშვილი ამბობს, რომ დღეს თბილისში, სხვადასხვა ადგილას შეიკრიბებიან, რათა პრაიდის ორგანიზატორებს აქციის ჩატარების შესაძლებლობა არ მისცენ.
„ჩვენ ერთხელ უკვე ვნახეთ, 17 მაისს გააუქმეს და მერე ისევ გამოვიდნენ. ამიტომ, რადგან თქვეს, ჩვენ დღეს ვიყარაულებთ ამ ლოკაციაზე. 09:00 საათზე აპირებდნენ მოსვლას და ჩვენ შევიკრიბებით იმდენი რაოდენობით არა, მაგრამ იმდენი მაინც, რომ თუ გავიგეთ, მოდიან, ერთმანეთს შევატყობინოთ. 09:30 საათამდე აქ ვიდგებით, მერე მთელი დღის განმავლობაში ვიდგებით ალბათ ვერის ბაღში. რესპუბლიკის მოედანზე იდგება კიდევ ხალხი, მგონი, რუსთაველზე, ქაშუეთთან. დღევანდელ დღეს, რადგან დაანონსებული იყო, ჩვენ უნდა ვიდგეთ ქუჩაში, რომ ხელი შევუშალოთ, თუკი დაიწყებენ სიბინძურის პროპაგანდას. მერე უკვე ჩვენი გეგმაა, ალბათ შემოდგომაზე დავდგეთ მთავრობის შენობასთან და კანონით მოვითხოვოთ, აიკრძალოს ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა“, – განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან შეკრებილებს 09:00 საათზე ლევან ვასაძეც შემოუერთდება.
გავრცელებული ინფორმაციით, „ღირსების მარში“ შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან დღეს უნდა გამართულიყო, თუმცა, აქციის ორგანიზატორებმა ინფორმაციის გაჟონვის გამო და უსაფრთხოების მიზნით, ღონისძიება კიდევ ერთხელ გადადეს.