საზოგადოება „ზნეობის“ წარმომადგენლები კინოთეატრ „ამირანთან“ ლგბტ თემატიკაზე შექმნილი ფილმების ჩვენებას აპროტესტებენ
საზოგადოება „ზნეობის“ წარმომადგენლები კინოთეატრ „ამირანთან“ ლგბტ თემატიკაზე შექმნილი ფილმების ჩვენებას აპროტესტებენ

საზოგადოება „ზნეობის“ წარმომადგენლები კინოთეატრ „ამირანთან“ ფესტივალის ფარგლებში ლგბტ თემატიკაზე შექმნილი ფილმების ჩვენებას აპროტესტებენ.

როგორც გურამ ფალავანდიშვილი ამბობს, დაუშვებელია, რომ მსგავსი ფილმებს განათლების სამინისტრო და სხვა სახელმწიფო სტრუქტურები ფინანსურად ეხმარებოდნენ. მისი განცხადებით, მთავარი მოთხოვნაა, რომ შეწყდეს ლგბტ თემატიკის პროპაგანდა საქართველოში და გაუქმდეს ანტიდისკრიმინაციული კანონი.

თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალის დირექტორის, ნინო ანჯაფარიძის თქმით, აქციის მონაწილეთა მოთხოვნები მიუღებელია.

„ეს ჩემთვის არის აბსოლუტურად მიუღებელი, რადგან 20 წელია, ისეთ პროგრამას ვაჩვენებთ, რომ ძალიან ხშირად უთქვამთ, ბერლინში მაგალითად არ გვინახავს ასეთი კარგი პროგრამაო. მართლა ძალიან ვცდილობთ, რაც შეიძლება საუკეთესო და ისეთი ფილმები ვაჩვენოთ, რომელსაც ისინი ვერ ახერხებენ, დიდ ეკრანზე, კარგი ხარისხით. ამაში ძალიან დიდი ენერგიაა ჩადებული, ნერვები, ძალიან დიდი პრობლემები დგას ამის უკან და ამ დროს აქ მოდიან და ამას აპროტესტებენ. ნამდვილად არ დავიმსახურეთ და არასამართლიანია, ვფიქრობ. ეს ყველგან ხდება. უცხოელები იყვნენ და თქვეს, რომ იტალიაშიც ყოფილა ასეთი გამოსვლები, გერმანიაშიც, ოღონდ 20 წლის წინ. ჩვენ ეტყობა კიდევ გვაკლია, რომ გავიზარდოთ“, – განაცხადა ნინო ანჯაფარიძემ.