გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით ვახტანგ გომელაურთან ძალიან ბევრი კითხვა ექნებათ
გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით ვახტანგ გომელაურთან ძალიან ბევრი კითხვა ექნებათ

ოპოზიციონერი დეპუტატის გიორგი ვაშაძის განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრთან ვახტანგ გომელაურთან 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით არაერთი კითხვა აქვთ.

„ვახტანგ გომელაურმა ვერ დაიცვა ლექსოს სიცოცხლე და ვერც ერთი მოქალაქე, რომელიც დაზიანდა 5-6 ივლისს, ამიტომ ძალიან ბევრი კითხვა გვაქვს – რატომ ხდება ისე, რომ როცა მათ პოლიტიკურ ინტერესს სჭირდება ზღვარგადასული რაოდენობა პოლიციელების და როცა არ სჭირდებათ მათ პოლიტიკურ ინტერესს, მაშინ პოლიციელთა რაოდენობა გვაკლია? როგორ უნდა ახსნას ეს ფაქტი, პარლამენტის ერთ შესასვლელთან 50 კაცი რომ მოვიდოდით 2 000-ს გვახვედრებდნენ, ჩაფხუტებით, დუბინკებით, წყლის ჭავლებით და როცა ჟურნალისტებს და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს თავ-პირს უმტვრევდნენ, მაშინ ხუთი პოლიციელი ვერ მოიძებნა, რომ მათი უფლებები დაეცვათ?“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ამასთან, ვაშაძემ გურამ ფალავანდიშვილის სახლში და „ალტ-ინფოს“ ოფისში საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან საჩვენებელი მოქმედებაა.

„რაც შეეხება ფალავანდიშვილს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გომელაურის მხრიდან ეს არის საჩვენებელი მოქმედება, რომ რაიმე მაინც თქვან. დამერწმუნეთ, რაც მოსაძებნია, მათივე მიტანილია იმ ოფისებში – გომელაურისა და „ქართული ოცნების“ და მათი განხორციელებულია ყველაფერი. გამაგებინონ რას ეძებენ, ძალიან კარგად იციან, რა არის იმ ოფისებში, ისინი საიდან ფინანსდებიან. ეს ადამიანები თავისი აგრესიული ძალმომრეობითი რიტორიკით თანამონაწილეები არიან ამ ყველაფრის“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დატოვე კომენტარი