თავის ტვინის ანევრიზმა ადამიანთა 3%-ს უვითარდება — რა არის ანევრიზმა და როგორ ავიცილოთ თავიდან #1tvმეცნიერება
თავის ტვინის ანევრიზმა ადამიანთა 3%-ს უვითარდება — რა არის ანევრიზმა და როგორ ავიცილოთ თავიდან #1tvმეცნიერება

როგორც წესი, ანევრიზმა მაშინ ვითარდება, როცა არტერიის კედლის რაღაც ნაწილი იჭიმება და ამოიბურცება.

ანევრიზმა შეიძლება ნებისმიერ სისხლძარღვში წარმოიქმნას, მაგრამ ის ყველაზე ხშირი მაინც თავის ტვინის არტერიებსა და აორტაშია — გულიდან გამომავალ დიდ არტერიაში.

მრავალ ადამიანს შეიძლება თავის ტვინის ანევრიზმა ჰქონდეს და ამის შესახებ ვერც ვერასოდეს გაიგოს. თუმცა, თუკი თავის ტვინის ან აორტის ანევრიზმა გასკდა, შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს.

საინტერესოა, რა იწვევს თავის ტვინის ანევრიზმას? როგორია გასკდომის რისკი?

არტერიის კედლის სისუსტე

ჩვენს არტერიებს ძლიერი კედლები სჭირდებათ, რადგან მათში სისხლი გამუდმებით მიედინება და კედლებს აწვება.

თუკი არტერიის კედელში სუსტი ადგილია, იქ შეიძლება ანევრიზმა განვითარდეს.

არტერიების კედლები სამი შრისგან შედგება: უჯრედების შიდა სარჩული, კუნთისა და ელასტიკური ბოჭკოს შიდა ფენა და ძირითადად კოლაგენისგან (ცილის ტიპი) შემდგარი გარე მტკიცე ფენა. ნებისმიერი ამ შრის დაზიანება კედელს ათხელებს და ჭიმავს. ასე შეიძლება გამოიბეროს ბუშტი და წარმოიქმნას ანევრიზმა.

ზოგიერთ ადამიანში არტერიის კედლების სისუსტე და თავის ტვინის ანევრიზმა შეიძლება გამოიწვიოს გენეტიკამ და გარკვეულმა მემკვიდრეობითმა დარღვევებმა.

არტერიის კედლები ასაკთან ერთად ყველა ადამიანში სუსტდება და შესაბამისად, ტვინის ანევრიზმა უფრო ხშირია ასაკში. თავის ტვინის ანევრიზმის დაფიქსირების საშუალო ასაკი 50 წელია.

დაახლოებით 50 წლის ასაკს გადაცილების შემდეგ, ტვინის ანევრიზმის რისკი ქალებში კაცებზე მაღალია. მენოპაუზის დროს ესტროგენის შემცირება არტერიის კედლებში კოლაგენის რაოდენობას ამცირებს და შედეგად, ის უფრო სუსტი ხდება.

ტვინის ანევრიზმის რისკი შეიძლება გაზარდოს სისხლის მაღალმა წნევამ. მაღალი წნევის მქონეებში, არტერიებში სისხლი დიდი ძალით აწვება კედლებს. ამან კი შეიძლება არტერიის კედლები გაჭიმოს და დაასუსტოს.

ტვინის ანევრიზმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს კიდევ ერთმა დაავადებამ — ათეროსკლეროზმა. ამ დროს, არტერიებში წარმოიქმნება ცხიმისგან წარმოქმნილი ფირფიტები, რომლებიც არტერიის კედლებს ეკვრის. ეს კი პირდაპირ აზიანებს უჯრედულ სარჩულს და ასუსტებს არტერიის კედლის შუა შრის კუნთსა და ბოჭკოებს.

რისკს ზრდის ცხოვრების სტილის რამდენიმე ფაქტორი

ნებისმიერი რამ, რაც ზრდის ანთებას, იწვევს ათეროსკლეროზს ან სისხლის მაღალ წნევას, თავის მხრივ, ზრდის ტვინის ანევრიზმის რისკსაც.

ამ ყველაფერზე გავლენას ახდენს მოწევა და ბევრი ალკოჰოლის სმა; ნიკოტინი პირდაპირ აზიანებს არტერიის კედელს.

ძლიერ საზიანოა კოკაინიც, რომელიც ტვინის ანევრიზმის რისკს ზრდის. კოკაინი სისხლის წნევას ძლიერ მაღლა სწევს, რადგან იწვევს არტერიების სპაზმასა და შეკუმშვას. კოკაინის მოხმარება დაკავშირებულია ყველაზე ცუდ შედეგებთან მაშინ, თუკი ანევრიზმა გასკდება.

ანთების მაჩვენებელს ზრდის სტრესი და ძლიერ ცხიმიანი კვების რაციონიც. ათეროსკლეროზის გამოწვევა შეუძლია ქოლესტერინის მაღალ დონესაც. ჭარბწონიანობა სისხლის წნევას მაღლა სწევს.

დაახლოებით 60 000 ადამიანზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ თავის ტვინის ანევრიზმის ყველაზე ძლიერ რისკ-ფაქტორებია მოწევა და სისხლის მაღალი წნევა.

ყოველთვის საჭიროა თუ არა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება

ტვინის ანევრიზმა ყოველი 100-დან დაახლოებით სამ ადამიანს უვითარდება; მისი დიამეტრი შეიძლება 5 მმ-დან 25 მმ-მდე მერყეობდეს. მათი უმეტესობა ამას მხოლოდ სხვადასხვა შემოწმებისას აღმოაჩენს (მაგალითად, თავის ტრავმის), რადგან პატარა ანევრიზმებს არანაირ სიმპტომი არ ახასიათებს.

დიდ ანევრიზმებს სიმპტომები აქვს, რადგან ის თავის ტვინის ქსოვილებსა და ნერვებს აწვება.

ბევრი პაციენტი დიაგნოზამდე აღწერს თავის ძლიერ ტკივილებს. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ანევრიზმიდან მცირე ოდენობის სისხლის გაჟონვა. ეს კი მიუთითებს მომდევნო დღეებში ან კვირებში ანევრიზმის გასკდომის რისკზე.

ყოველი 100 ანევრიზმიდან ერთზე ნაკლები მომავალში გასკდება. ეს კი იწვევს სუბარაქნოიდულ ჰემორაგიას, რაც ინსულტის ერთ-ერთი ტიპია.

თუკი ეს მოხდება, ტვინის ანევრიზმის გასკდომა სიცოცხლისთვის სახიფათოა. ყოველი ოთხი პაციენტიდან თითქმის ერთი 24 საათში დაიღუპება, ერთი კი მომდევნო სამ თვეში.

ანევრიზმის გასკდომა იწვევს უცაბედ, ძლიერ თავის ტკივილს. ასევე შეიძლება აღინიშნოს ინსულტის სხვა სიმპტომები, მაგალითად, მხედველობის ცვლილება, მოძრაობის უნარის დაკარგვა, ღებინება და ცნობიერების დაკარგვა.

გასკდომის პრევენცია შესაძლებელია ქირურგიული ჩარევით

ანევრიზმის სამკურნალოდ ქირურგიული ჩარევის საჭიროება დამოკიდებულია მის ზომასა და ადგილმდებარეობაზე, პაციენტის ასაკსა და ჯანმრთელობაზე. სამედიცინო ჯგუფი დააბალანსებს ოპერაციის პოტენციურ სარგებელსა და რისკებს.

პატარა ანევრიზმა გასკდომის დაბალი რისკით, როგორც წესი, უბრალოდ მეთვალყურეობას ექვემდებარება.

თუმცა, მას შემდეგ, რაც თავის ტვინის ანევრიზმა 7 მილიმეტრს მიაღწევს, ძირითადად საჭირო ხდება ქირურგიული ოპერაცია.

ტვინის ანევრიზმის აღდგენის ოპერაციაში, ქირურგი დროებით იღებს თავის ქალის პატარა ნაწილს, შემდეგ ჭრის ტვინის საფარს და ანევრიზმის ამობურცული ნაწილის დასახურად ლითონის პატარა სამაგრს ათავსებს.

კიდევ ერთი ვარიანტია ენდოვასკულარული (ძარღვსშიდა) დახვევა. ქირურგს ბარძაყის არტერიაში კათეტერი შეჰყავს, შემდეგ კი აორტის გავლით შედის თავის ტვინში. შემდეგ ათავსებს ხვეულს ანევრიზმის შიგნით, რომელიც თრომბს წარმოქმნის და ანევრიზმის პარკუჭს ხურავს.

ნებისმიერი ამ ოპერაციის შემდეგ, პაციენტს საავადმყოფოში დაახლოებით ერთი კვირით აჩერებენ. სრულ გამოჯანმრთელებას შეიძლება 6-8 კვირა დასჭირდეს, ზოგჯერ კი ექიმები მეთვალყურეობას მომდევნო რამდენიმე წელიწადს განაგრძობენ.

თავის ტვინის ანევრიზმის რისკის შემცირება შესაძლებელია, თუკი არ მოწევთ, ალკოჰოლს მხოლოდ ზომიერად მიიღებთ, იკვებებით ჯანსაღად, ივარჯიშებთ რეგულარულად და შეინარჩუნებთ ჯანსაღ წონას.

მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.