თამარ ხულორდავა - სტრასბურგში სერიოზული მტკიცებულებებით ვართ წარდგენილი და ვერც დავუშვებ იმას, რომ შესაძლოა, ევროსასამართლომ სხვანაირი გადაწყვეტილება მიიღოს
თამარ ხულორდავა - სტრასბურგში სერიოზული მტკიცებულებებით ვართ წარდგენილი და ვერც დავუშვებ იმას, რომ შესაძლოა, ევროსასამართლომ სხვანაირი გადაწყვეტილება მიიღოს

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები ოქტომბერშია დაგეგმილი, მაგრამ ამის გარეშეც, ასეთ დაძაბულ და რთულ ურთიერთობებში მყოფი ქვეყნების პრეზიდენტთა შეხვედრას ძალიან სერიოზული წინაპირობების არსებობა და მომზადება სჭირდება, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ამ წინაპირობების არსებობის გარეშე ასეთი შეხვედრის ჩატარების ვერც საჭიროებას ვხედავ და ვერც მიზანშეწონილობას. არც ის ჩანს, რომ ამ ეტაპზე რუსეთის მხრიდან მზაობა არსებობდეს, ის წინაპირობები შესრულდეს, რაც ასეთი ტიპის შეხვედრისთვის აუცილებელი იქნებოდა. რუსეთისგან რეალურ ნაბიჯებს ვერ ვხედავთ, რომელიც იმის ფიქრის საშუალებას მოგვცემდა, რომ პირველ პირებს შორის ასეთი შეხვედრა შეიძლება, შედეგის მომცემი იყოს“, – განაცხადა ხულორდავამ.

ამ განცხადებით თამარ ხულორდავამ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, განიხილება თუ არა არსებულ პოლიტიკურ რეალობაში რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრა.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მიმდინარე საქართველო-რუსეთის წინააღმდეგ საქმესთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროსასამართლო ფაქტებს ობიექტურად შეაფასებს.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რას მივიღებთ იმ შემთხვევაში, თუ ევროსასამართლო ჩვენთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას გამოიტანს, ხულორდავამ განაცხადა, რომ ეს ძალიან სერიოზული და პრეცედენტული გადაწყვეტილება იქნება, რომელიც შედეგის თვალსაზრისით არა მხოლოდ საქართველოსთვის იქნება მნიშვნელოვანი, არამედ რეგიონის სხვა ქვეყნებისთვისაც, რომლებიც რუსეთთან იგივე ტიპის ურთიერთობაში არიან.

„რუსეთის აბსურდული განცხადებების მიუხედავად უნდა ითქვას, რომ ამ პროცესზე ძალიან დამაჯერებლად, სერიოზული მტკიცებულებებით ვართ წარდგენილი და ვერც დავუშვებ იმას, რომ შესაძლოა, ევროსასამართლომ სხვანაირი გადაწყვეტილება მიიღოს“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.