თამარ ხულორდავა - მოსამართლეთა კენჭისყრაზე მხოლოდ რამდენიმე კანდიდატის მხარდაჭერას ვაპირებ, რომელთა შორის არ იქნება მთავარი პროკურორი
თამარ ხულორდავა - მოსამართლეთა კენჭისყრაზე მხოლოდ რამდენიმე კანდიდატის მხარდაჭერას ვაპირებ, რომელთა შორის არ იქნება მთავარი პროკურორი

დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ ხულორდავა აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით დაგეგმილ კენჭისყრაზე რამდენიმე კანდიდატის მხარდაჭერას აპირებს, რომელთა შორის არ იქნება მთავარი პროკურორი.

როგორც თამარ ხულორდავამ მიიჩნევს, პარლამენტმა მხარი უნდა დაუჭიროს მხოლოდ იმ რამდენიმე კანდიდატს, რომელმაც ნამდვილად გამოავლინა კომპეტენტურობა.

„საკმაოდ დაძაბულ პროცესებს ვადევნეთ თვალი მთელი წლის განმავლობაში ამ თემასთან დაკავშირებით. პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ პროცედურამ, რომელიც პარლამენტში წარიმართა, მთელ საზოგადოებას მისცა შესაძლებლობა, კარგად გაეცნო ის კანდიდატები, რომლებიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წარმოგვიდგინა. ეს ძალიან კარგი პროცედურა იყო. ძალიან კარგია, რომ ეს პროცესი წარმატებით მიმდინარეობდა, მაგრამ შედეგიდან გამომდინარე მოგვეცემა შესაძლებლობა, საბოლოო შეფასებები გავაკეთოთ.

პარლამენტმა მხარი უნდა დაუჭიროს მხოლოდ იმ რამდენიმე კანდიდატს, რომლებმაც ნამდვილად გამოავლინეს, რომ არიან კომპეტენტური და აკმაყოფილებენ ყველა მოთხოვნას, რაც არსებობს საზოგადოებაში ასეთი მაღალი თანამდებობის პირისთვის. წარმოდგენილი კანდიდატებიდან სულ რამდენიმე აკმაყოფილებს მოთხოვნებს. სულ რამდენიმეა ისეთი ადამიანი, რომელიც, ჩემის აზრით, იმსახურებს მხარდაჭერას. დამოუკიდებელი დეპუტატები ბევრნი ვართ. ბევრ ჩვენგანს არ გვაქვს ორგანიზებული ფორმა. რამდენიმე ადამიანი ვართ, ვისაც მეტი თანხვედრა გვაქვს და ხშირად ვურთიერთობთ ერთმანეთთან. შესაბამისად, ერთმანეთის პოზიციებსაც კარგად ვიცნობთ. ამ რამდენიმე ადამიანის პოზიცია ამ საკითხზე არის ერთნაირი, რომ ჩვენ რამდენიმე კანდიდატის მხარდაჭერას ვაპირებთ მხოლოდ. მათ შორის არ იქნება მთავარი პროკურორი“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებული კენჭისყრა იურიდიულ კომიტეტში 12 დეკემბერს გაიმართება.

მოსამართლეობის კანდიდატებს ასარჩევად 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდებათ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატს საშემოდგომო სესიაზე მოუსმინა.

ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძემ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა, პარლამენტს გადაწყვეტილების მიღება მოუწევს 19 კანდიდატზე, თუმცა კენჭს ზაზა თავაძესაც უყრიან. კენჭისყრა ჯერ კომიტეტში უნდა ჩატარდეს, შემდეგ კი, პლენარულ სხდომაზე.