თამარ ხულორდავა - ევროკავშირთან თანამშრომლობა ეჭვქვეშ არ დგას, მაგრამ ძალიან მაღალი მოთხოვნები დავუწესეთ თავს და ვეღარ დავაკმაყოფილეთ, ეს ყველაფერი ასოცირების კომიტეტის სხდომაზე აისახა
თამარ ხულორდავა - ევროკავშირთან თანამშრომლობა ეჭვქვეშ არ დგას, მაგრამ ძალიან მაღალი მოთხოვნები დავუწესეთ თავს და ვეღარ დავაკმაყოფილეთ, ეს ყველაფერი ასოცირების კომიტეტის სხდომაზე აისახა

საქართველო და ევროკავშირი აგრძელებენ მჭიდრო თანამშრომლობას და ეს თანამშრომლობა, რა თქმა უნდა, ეჭვქვეშ არ დგას, მაგრამ ჩვენ ძალიან მაღალი მოთხოვნები დავუწესეთ ჩვენ თავს და ეს მაღალი მოთხოვნები ვეღარ დავაკმაყოფილეთ. ეს ყველაფერი დღევანდელ სხდომაზე აისახა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თამარ ხულორდავამ ასოცირების კომიტეტის დღევანდელი სხდომის შემდეგ მედიასთან განაცხადა.

მისი თქმით, სხდომაზე გარკვეული კრიტიკული შეფასებები იყო განსაკუთრებით დემოკრატიის ნაწილში.

„ასოცირების საპარლამენტო კომიტეტი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პლატფორმა, რომელიც ჩვენ გვაქვს ევროკავშირთან სალაპარაკოდ იმ საკითხებზე, რაც ეხება საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. ჩვენ ევროპარლამენტში გვაქვს ძალიან მყარი მხარდაჭერა როგორც ქვეყანას; ასე იყო ადრეც და ასე გრძელდება ახლაც. ბოლო სამი წლის განმავლობაში ვხელმძღვანელობდი ასოცირების საპარლამენტო კომიტეტში საქართველოს პარლამენტის დელეგაციას და აქ მუდმივად ძალიან პოზიტიური განწყობა მხვდებოდა ევროპარლამენტარების მხრიდან რაც განპირობებული იყო იმ რეფორმებით, ცვლილებებითა და პოზიტიური ნაბიჯებით, რომელსაც ხელისუფლება დგამდა და ეს ფასდებოდა როგორც საქართველოს აღიარება იმ გზაზე, რასაც ჰქვია საქართველოს ევროპული ინტეგრაცია.

დღეს პირადად ვგრძნობ, რომ ეს განწყობა არის ცოტათი შეცვლილი. ეს ძალიან სამწუხაროა. ამას განაპირობებს ის ნაბიჯები, რომელიც ბოლო პერიოდში გადაიდგა საქართველოს მხრიდან. ეს არ არის უპირობო შემობრუნება და ისეთი რომ არ შეიძლება გამოსწორდეს. არ მინდა, რომ ზედმეტი განგაშის ელემენტები შემოვიტანო. საქართველო და ევროკავშირი აგრძელებენ მჭიდრო თანამშრომლობას და ეს თანამშრომლობა, რა თქმა უნდა, ეჭვქვეშ არ დგას, მაგრამ ჩვენ ძალიან მაღალი მოთხოვნები დავუწესეთ ჩვენ თავს და ეს მაღალი მოთხოვნები ვეღარ დავაკმაყოფილეთ. ეს ყველაფერი დღევანდელ სხდომაზე აისახა. იყო გარკვეული კრიტიკული შეფასებები განსაკუთრებით დემოკრატიის ნაწილში. იმედი მაქვს, ეს ყველაფერი იქნება სათანადოდ აღქმული საქართველოს მხრიდან, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან და ამას მოჰყვება სწორი ნაბიჯები, რომელიც განმუხტავს მძიმე პოლიტიკურ ფონს ქვეყანაში, დაგვაბრუნებს სწრაფი დემოკრატიული განვითარების გზაზე“, – განაცხადა ხულორდავამ.

დეპუტატმა კომენტარი გააკეთა გიგი უგულავას საქმის შემსწავლელი მისიის შექმნის ინიციატივასთან დაკავშირებითაც, რომლითაც „ქართულმა ოცნებამ“ ევროპარლამენტს მიმართა.

„პოლიტიკური ნება ალბათ არსებობს რადგან მმართველი გუნდის მიერ გაჟღერდა ეს ინიციატივა. ასეთი კონტაქტებ, მეტი პირადი კავშირი, პოზიციების მეტად ახსნა კარგია,  უბრალოდ ყველაფერი არ ექვემდებარება ახსნას, ამ ახსნის მიღმა არის კიდევ კონკრეტული ნაბიჯები საჭირო. საარჩევნო წელია, ძალიან ცხელი პერიოდია და აუცილებელია კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას ხელისუფლების მხრიდან“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.

გიგი უგულავას საქმის შემსწავლელი მისიის შექმნის ინიციატივით ევროპარლამენტს „ქართული ოცნების“ დელეგაციამ, კერძოდ, კახა კალაძემ მიმართა.

მოგვიანებით, „ევროპელი სოციალისტების პარტიამ“ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მხარს უჭერს ინიციატივას, რომ გიგი უგულავას საქმის შემდგომი გამოძიების მიზნით, საქართველოში გაიგზავნება ევროპარლამენტის მთავარი პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენელ პარლამენტართაგან შემდგარი ფაქტების შემსწავლელი მისია.