თამარ ხულორდავა - ვიოლა ფონ კრამონთან მეგობრული შეხვედრა მქონდა, ვისაუბრეთ, ერთმანეთს გავუზიარეთ შთაბეჭდილება
თამარ ხულორდავა - ვიოლა ფონ კრამონთან მეგობრული შეხვედრა მქონდა, ვისაუბრეთ, ერთმანეთს გავუზიარეთ შთაბეჭდილება

საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე თამარ ხულორდავა აცხადებს, ევროპარლამენტის წევრ ვიოლა ფონ კრამონთან მეგობრული შეხვედრა ჰქონდა.

„უბრალოდ მეგობრული შეხვედრა იყო. იცით, რომ პოლიტიკურად აქტიური აღარ ვარ. მე ევროპარლამენტში დელეგაციის წევრი ვიყავი, სწორედ ამიტომ ვისაუბრეთ, გავუზიარეთ ერთმანეთს შთაბეჭდილება. თქვენ იცით, რომ ახლა ევროკავშირი უპრეცედენტოდ მაღალ დონეზე არის დაინტერესებული, საქართველოში შექმნილი სიტუაცია ისე გადაიჭრას, რომ მეტი შესაძლებლობები ჰქონდეს ჩვენს ქვეყანას, განახორციელოს მისი ამბიციები. ჩვენ ახლა ბევრი ლაპარაკი გვესმის, მათ შორის იმაზე, რომ 2024 წელს განაცხადის შეტანა გვინდა ევროკავშირში წევრობაზე. ეს გადასარევია, მაგრამ ამას სჭირდება საქმიანი ნაბიჯები. მხოლოდ განცხადება ამას არ შველის და ისეთ სიტუაციაში როცა ხელისუფლება, ოპოზიცია ვერ ახერხებენ ელემენტარულ საკითხებზე შეჯერებას და ერთად მუშაობას, ეს ამ პროცესს არ ეხმარება“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონ „თბილისი მარიოტში“ შეხვედრებს მართავს. არსებული ინფორმაციით, ვიოლა ფონ კრამონი საქართველოში შვებულებით, არაოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მან შეხვედრები გამართა „ლელოს“ ლიდერებთან, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, ასევე ყოფილ დეპუტატ თამარ ხულორდავასთან. ამ წუთებში მასთან შეხვედრაზე იმყოფება ანა დოლიძე. საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, დღესვე დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ხელაშვილთან.