რაზე აკისრებს პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციას სტრასბურგის სასამართლო
რაზე აკისრებს პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციას სტრასბურგის სასამართლო

საქმეში „საქართველო-რუსეთის წინააღმდეგ“ მტკიცებულებების შეფასებისა და ფაქტების დადგენისას, სტრასბურგის სასამართლო დაეყრდნო პრინციპებს, დაკვირვებებსა და მხარეების მიერ წარდგენილ მრავალ დოკუმენტს. ასევე, გაითვალისწინა საერთაშორისო, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშები. მხარეებს ასევე სთხოვა, დამატებითი ანგარიშების წარდგენა.

სასამართლომ გაითვალისწინა მოწმეებისა და ექსპერტების განცხადებები სტრასბურგში 2017 წლის 6-17 ივნისს გამართულ მოსმენებზე. სასამართლომ 33 მოწმის მტკიცებულებები მოისმინა.

საბრძოლო მოქმედებების აქტიური ფაზა 8-12 აგვისტო, მე-2 მუხლი:

სასამართლომ მიიჩნია, რომ საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის დროს განხორციელებული სამხედრო ოპერაციების დროს, შეუძლებელი იყო საუბარი ტერიტორიის „ეფექტიან კონტროლზე“. შეიარაღებული კონფრონტაციის რეალობა და ბრძოლა მოწინააღმდეგე სამხედრო ძალებს შორის, რომლებიც ქაოსის პირობებში ტერიტორიაზე კონტროლის დამყარებისკენ მიისწრაფვიან, ნიშნავდა, რომ ტერიტორია კონტროლს არ ექვემდებარებოდა. სტრასბურგის სასამართლო აღნიშნავს, რომ საბრძოლო მოქმედებები უმეტესწილად მიმდინარეობდა რაიონებში, რომლებიც მანამდე საქართველოს კონტროლს ექვემდებარებოდა. ამიტომ სასამართლომ გადამწყვეტი მნიშვნელობა მიანიჭა იმ ფაქტს, რომ შეიარაღებული დაპირისპირებისა და ბრძოლის ფაქტი დაპირისპირებულ სამხედრო ძალებს შორის, რომლებიც ქაოსის პირობებში ტერიტორიაზე კონტროლის დამყარებას ცდილობდნენ, არა მხოლოდ ტერიტორიაზე” ეფექტური კონტროლის” არარსებობას ნიშნავდა, არამედ ასევე გამორიცხავდა ნებისმიერი ფორმით „სახელმწიფო აგენტის უფლებამოსილებასა და კონტროლს“ ფიზიკურ პირებზე.

ამრიგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ საბრძოლო მოქმედებების აქტიური ფაზის სამხედრო ოპერაციებთან დაკავშირებით არ იყო შესრულებული ის პირობები, რომლებსაც სასამართლო იყენებდა თავის პრეცედენტულ პრაქტიკაში სახელმწიფოს მიერ ექსტერიტორიული იურისდიქციის განხორციელების დასადგენად. ეს არ ნიშნავს, რომ სახელმწიფოებს შეეძლოთ, ემოქმედათ სამართლებრივი ჩარჩოებს მიღმა. ასეთ პირობებში ისინი ვალდებულნი იყვნენ, ზედმიწევნით დაეცვათ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის წესები.

სასამართლომ დაასკვნა, რომ საბრძოლო მოქმედებების აქტიური ფაზის დროს (2008 წლის 8-12 აგვისტოს) მომხდარი მოვლენები რუსეთის იურისდიქციას არ ექვემდებარება კონვენციის პირველი მუხლის შესაბამისად (ადამიანის უფლებების პატივისცემის ვალდებულება) და განაცხადის აღნიშნული ნაწილი დაუშვებლად ცნო.

ოკუპაციის ფაზა საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ (2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებიდან) – კონვენციის მე-2, მე-2, მე-8 მუხლები და დამატებითი პირველი ოქმის პირველი მუხლი:

სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთის ფედერაცია ახორციელებდა პრეცედენტული სამართლის მნიშვნელობით „ეფექტიან კონტროლს“ სამხრეთ ოსეთზე, აფხაზეთზე და „ბუფერულ ზონაზე“, 2008 წლის 12 აგვისტოდან 10 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის დანაყოფების ოფიციალურ გაყვანამდე. აღნიშნული პერიოდის შემდეგ რუსეთის ძლიერი წარმომადგენლობა და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხელისუფლებების დამოკიდებულება რუსეთის ფედერაციაზე მიუთითებდა, რომ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე „ეფექტიანი კონტროლი“ გრძელდებოდა.

სასამართლომ დაასკვნა, რომ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ მომხდარი მოვლენები რუსეთის იურისდიქციას ექვემდებარება კონვენციის პირველი მუხლის შესაბამისად (ადამიანის უფლებების პატივისცემის ვალდებულება).

სასამართლომ აღნიშნა, რომ სხვადასხვა წყაროებში, მათ შორის ევროკავშირი ფაქტების დამდგენი მისიის, ეუთო-ს, ადამიანის უფლებათა საკითხებში ევროსაბჭოს კომისრის, „ამნესთი ინთერნეიშენალის“ და „ჰიუმან რაითს ვოტჩის“ ანგარიშებში არსებული ინფორმაცია აქტიური საბრძოლო მოქმედებების შემდეგ სამხრეთ ოსეთსა და „ბუფერულ ზონაში“, ქართულ სოფლებში სახლების დაწვისა და ძარცვის სისტემატური კამპანიის შესახებ იყო თანმიმდევრული. აღნიშნული ინფორმაცია ასევე შეესაბამებოდა 2008 წლის 9 ოქტომბრის სატელიტურ გამოსახულებებს, რომლებზეც ჩანდა, რომ სახლები იყო დამწვარი. აღნიშნულ კამპანიას თან ახლდა მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილი დარღვევები, კერძოდ სასამართლოს გარეშე სიკვდილით დასჯა. სასამართლოს წინაშე მოსმენისას სამმა ქართველმა მოწმემ ასევე ახსენა სამხრეთ ოსეთის მებრძოლების მიერ სახლების დაწვა და ძარცვა მათი სოფლების რუსეთის მიერ კონტროლის დროს, ასევე ქართველი მშვიდობიანი მცხოვრებლების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები.

სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ ქმედებებს განსაზღვრავს არა მხოლოდ „ქმედებების გამეორება“, არამედ ასევე „ოფიციალური შეწმყნარებლობა“: როდესაც უკანონო ქმედებები დაშვებულია უშუალო პასუხისმგებელი პირების ზემდგომთა მხრიდან, რომლებიც იმის მიუხედავად, რომ ინფორმირებული არიან მსგავსი ქმედებების შესახებ, მათ დასასჯელად ან მათი ჩადენის პრევენციისთვის ზომებს არ მიმართავენ;  ან როდესაც ზემდგომი ორგანო მრავალი ბრალდების წინაშე ავლენს გულგრილობას ადეკვატური გამოძიებას უარის თქმით, ან როდესაც სასამართლო განხილვისას მსგავსი საჩივრებს სამართლიანი განხილვა არ ხდება.

იმის მიუხედავად, რომ ზოგიერთი მოწმის ჩვენება აჩვენებს, რომ ზოგჯერ რუსეთის ჯარი ერეოდა სამოქალაქო პირების წინააღმდეგ დანაშაულის შესაჩერებლად, ბევრ შემთხვევაში რუსეთის ჯარი პასიურად ესწრებოდა ძარცვის სცენებს. რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის მოსახლეობის დაცვისა და მშვიდობისმყოფელი და სამართალდამცავი ოპერაციის ჩატარების განკარგულების მიუხედავად, რუსეთის ხელისუფლების მიერ განხორციელებული ზომები არასაკმარისი აღმოჩნდა სავარაუდო დანაშაულების თავიდან ასაცილებლად. ეს შესაძლოა, შეფასებული ყოფილიყო, როგორც „ოფიციალური შემწყნარებლობა“ რუსეთის ხელისუფლების მხრიდან, რაზეც ასევე მიუთითებს ის ფაქტი, რომ ამ უკანასკნელმა არ ჩაატარა სავარაუდო დარღვევების ეფექტიანი გამოძიება.

სასამართლომ დაადგინა, რომ მის განკარგულებაში იყო საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც გონივრული ეჭვის გარეშე იძლევა უფლებას დავასკვნათ, რომ ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციულ პრაქტიკას, რომელიც ეწინააღმდეგება კონვენციის მე-2 და მე-8 მუხლებს და პირველი დამატებითი ოქმის პირველ მუხლს მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობის, სამხრეთ ოსეთში და „ბუფერულ ზონაში“ ქართული სოფლების სახლებისთვის ცეცხლის წაკიდებასა და ძარცვასთან დაკავშირებით. ჩადენილი დანაშაულების სერიოზულობის გათვალისწინებით, რაც შეიძლება შეფასებული იყოს როგორც „არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა“ მსხვერპლთა მიმართ, რომელიც წარმოადგენდა სამიზნეს, როგორც ეთნიკური ჯგუფი, სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციულ პრაქტიკას, რომელიც ეწინააღმდეგება კონვენციის მესამე მუხლს. შესაბამისად ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-2, მე-3 და მე-8 მუხლების, ასევე კონვენციის დამატებითი პირველი ოქმის პირველი მუხლის და ამ დარღვევისთვის პასუხისმგებელი იყო რუსეთის ფედერაცია.

სამოქალაქო პატიმრების მოპყრობა და მათი დაკავების კანონიერება; მე-3 და მე-5 მუხლები

სასამართლოს მიხედვით, სადავო არ არის, რომ 160 ქართველი სამოქალაქო პირი, რომელთა უმეტესობა საკმაოდ ასაკოვანი, მესამედი კი ქალი იყო, სამხრეთ ოსეთის ძალებმა დააკავეს „სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს“ სარდაფში, ცხინვალში, 2008 წლის 10 – დან 27 აგვისტომდე. ვინაიდან ქართველი სამოქალაქო პირები ძირითადად საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ დააკავეს, სასამართლომ დაასკვნა, რომ ეს რუსეთის ფედერაციის იურისდიქციას ექვემდებარებოდა.

ქართველი სამოქალაქო პირების ჩვენებები მათი დაკავების პირობებთან დაკავშირებით შესაბამისობაში იყო სასამართლოსთვის სხვადასხვა წყაროს მიერ მოცემულ ინფორმაციასთან. „დაკავების ცენტრის“ ხელმძღვანელმა მოწმეების მოსმენაზე აღიარა, რომ „სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს“ სარდაფი არ იყო შექმნილი ამდენი დაკავებული ადამიანის საცხოვრებლად. მამაკაცები და ქალები გარკვეული დროით ერთად იყვნენ დაკავებული, არ იყო საკმარისი საწოლი, არ იყო დაკმაყოფილებული ჯანმრთელობისა და ჰიგიენის ძირითადი მოთხოვნები.

მიუხედავად იმისა, რომ რუსული ძალების უშუალო მონაწილეობა აშკარად არ იყო ნაჩვენები, ის ფაქტი, რომ ქართველი მშვიდობიანი მოსახლეობა რუსეთის ფედერაციის იურისდიქციაში შედიოდა, ნიშნავს, რომ სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების მოქმედებებზე პასუხისმგებლობაც ეკისრებოდა ამ უკანასკნელს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ, რუსული ძალები არ ჩარეულან, რომ პრევენცია მოეხდინათ იმგვარ მოპყრობაზე, რაზეც საჩივარშია საუბარი. სასამართლომ დაასკვნა, ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციულ პრაქტიკას, რომელიც ეწინააღმდეგება კონვენციის მე-3 მუხლს (წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა) საქართველოს 160 მშვიდობიანი მოქალაქის დაკავების პირობებთან და დამამცირებელ ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებმაც მათ ტანჯვა მოუტანა, რაც უნდა იქნას განხილული როგორც არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობა;

სასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესაბამისად, შიდა სამართლებრივი დაცვის საშუალებების ამოწურვის წესი არ გავრცელებულა, როდესაც დადგენილი იყო ადმინისტრაციული პრაქტიკის არსებობა.

ამრიგად, ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას და ამ დარღვევაზე პასუხისმგებელი იყო რუსეთის ფედერაცია.

მოპასუხე მთავრობის თანახმად, ქართველი მშვიდობიანი მოსახლეობა დააკავეს მათივე უსაფრთხოებისთვის სამხრეთ ოსეთის მხრიდან პოტენციური თავდასხმების გამო, რომლებიც ცდილობდნენ, შური ეძიათ ქართველებზე ცხინვალზე შეტევის გამო. ეს დასაბუთება, რომელიც, ფაქტობრივად, სადავო იყო, არ იქნა მიღებული დაკავების საფუძვლად. გარდა ამისა, დაკავებულები არ იყვენენ ინფორმირებული მათი დაკავებისა და დაპატიმრების მიზეზებთან დაკავშირებით.

სასამართლომ დაასკვნა, რომ ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციულ პრაქტიკას მე -5 მუხლის საწინააღმდეგოდ, 2008 წლის აგვისტოში ქართველი მშვიდობიანი მოქალაქეების თვითნებურ დაკავებასთან დაკავშირებით და ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციულ პრაქტიკას, რომელიც ეწინააღმდეგება კონვენციის მე-5 მუხლს (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება) 2008 წლის აგვისტოში საქართველოს მოქალაქეების თვითნებურ დაკავებასთან დაკავშირებით და რომ რუსეთის ფედერაცია პასუხისმგებელია შედეგად დამდგარ დარღვევებზე.

სამხედრო ტყვეების მიმართ მოპყრობა – მე-3 მუხლი

სასამართლომ დაადგინა, რომ სამხრეთ ოსეთის ძალების მიერ სამხედრო ტყვეების მიმართ არასათანადო მოპყრობისა და წამების საქმეები აღნიშნულია მისთვის ხელმისაწვდომ სხვადასხვა წყაროებში. სტრასბურგში მოწმეების მოსმენაზე ორმა მოწმემ დეტალურად აღწერა ის მოპყრობა, რომელიც მათ მიმართ განახორციელეს სამხრეთ ოსეთის და ასევე რუსულმა ძალებმა.

სასამართლომ მიიჩნია, რომ მას ჰქონდა საკმარისი მტკიცებულებები, რათა გამოეტანა დასკვნა, რომ ქართველი სამხედრო ტყვეები იყვნენ სამხრეთ ოსეთის ძალების მიერ იმგვარი მოპყრობის მსხვერპლი, რომლებიც ეწინააღმდეგება კონვენციის მე -3 მუხლს. მიუხედავად იმისა, რომ რუსული ძალების უშუალო მონაწილეობა არ იყო ნათლად გამოვლენილი ყველა შემთხვევაში, ის ფაქტი, რომ სამხედრო ტყვეები რუსეთის ფედერაციის იურისდიქციაში მოხვდნენ, ნიშნავს, რომ სამხრეთ ოსეთის ძალების მოქმედებებზე ისინი პასუხისმგებელნი იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ, რუსული ძალები არ ჩარეულან, რომ მსგავსი მოპყრობის პრევენცია მოეხდინათ, რაზეც საჩივარშია აღნიშნული.

სასამართლომ დაადგინა, რომ ქართველი სამხედრო ტყვეების მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობა უნდა ჩაითვალოს წამებად, კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად. ასეთი ქმედებები განსაკუთრებით სერიოზული იყო იმის გათვალისწინებით, რომ ისინი ჩადენილი იყო სამხედრო ტყვეების მიმართ, რომლებიც საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად, განსაკუთრებული დაცული სტატუსით სარგებლობდნენ.

სასამართლომ დაასკვნა, რომ ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციულ პრაქტიკას, რომელიც ეწინააღმდეგება კონვენციის მე-3 მუხლს (წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა) წამებასთან დაკავშირებით, წამების აქტებთან დაკავშირებით, რომელთა მსხვერპლიც იყვნენ ქართველი სამხედრო ტყვეები. შესაბამისად, ადგილი ჰქონდა მე-3 მუხლის დარღვევას და ამ დარღვევაზე პასუხისმგებელი იყო რუსეთის ფედერაცია.

დევნილთა თავისუფალი გადაადგილება – კონვენციის მეოთხე დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებების მიერ ეთნიკური ქართველებისთვის საკუთარ სახლებში დაბრუნებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით, ახალგორის რეგიონში რამდენიმე მათგანისთვის დაბრუნების უფლების მიცემის მიუხედავად, სასამართლოსთვის ხელმისაწვდომი სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაცია იყო თანმიმდევრული. ჟენევაში მიმდინარეობდა მოლაპარაკებები პოლიტიკური გადაწყვეტის მოსაძებნად. იმავდროულად, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას და რუსეთის ფედერაციას, რომელსაც  ეფექტიან კონტროლი ჰქონდათ ამ რეგიონებზე, კონვენციის შესაბამისად ეკისრებოდათ ქართული წარმოშობის მკვიდრთა თავიანთ სახლებში დაბრუნება.

სასამართლომ დაასკვნა, რომ ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციული პრაქტიკას, რომელიც ეწინააღმდეგებოდა კონვენციის მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლს (მიმოსვლის თავისუფლება).

სიტუაცია საქართველოს მოქალაქეების თავიანთ სახლებში დაბრუნების შეუძლებლობასთან დაკავშირებით კვლავ უცვლელი იყო 2018 წლის 23 მაისს, მოცემულ საქმეზე არსებითი განხილვის დღეს.

შესაბამისად, ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის დარღვევას სულ მცირე 2018 წლის 23 მაისამდე პერიოდში და აღნიშნულ დარღვევაზე პასუხისმგებელი იყო  რუსეთის ფედერაცია.

განათლების უფლება – კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მეორე მუხლი

სასამართლომ მიიჩნია, რომ მას არ ჰქონდა საკმარისი მტკიცებულებები, რათა გონივრული ეჭვის მიღმა დაედგინა, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მეორე მუხლის საწინააღმდეგო ინციდენტებს. შესაბამისად, აღნიშნული მუხლის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

გამოძიების ვალდებულება, მე-2 მუხლი

სასამართლომ დაასკვნა, რომ რუსეთის ფედერაციას ჰქონდა არა მხოლოდ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შემდგომ, არამედ საბრძოლო მოქმედებების აქტიური ფაზის დროს ადეკვატური და ეფექტიანი გამოძიების ჩატარების ვალდებულება.

საბრძოლო მოქმედებების აქტიური ფაზის დროს სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულების სერიოზულობის, ასევე ოკუპაციის პერიოდში დარღვევების მასშტაბისა და ხასიათის გათვალისწინებით, სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთის ხელისუფლების მიერ ჩატარებული გამოძიებები არ აკმაყოფილებდა კონვენციის მე-2 მუხლის მოთხოვნებს.

შესაბამისად, ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) პროცედურულ დარღვევას.

2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. საქმე ეხებოდა საქართველოს მთავრობის მიერ ბრალდებებს რუსეთის ფედერაციის მხრიდან კონვენციის სხვადასხვა დარღვევის შესახებ, 2008 წლის აგვისტოში საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით. სასამართლომ დაადგინა, რომ უნდა გაიმიჯნოს სამხედრო მოქმედებების აქტიური ფაზა (2008 წლის 8-12 აგვისტო) და სხვა მოვლენები, რომლებიც მოხდა საბრძოლო მოქმედებების აქტიური ფაზის შეწყვეტის შემდეგ, ანუ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების შემდეგ. სასამართლომ გაითვალისწინა მხარეთა მიერ წარმოდგენილი შენიშვნები და მრავალი სხვა დოკუმენტი, აგრეთვე საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშები. გარდა ამისა, სასამართლომ მოისმინა 33 მოწმისგან მტკიცებულებები.