შალვა პაპუაშვილი - სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რაოდენ საჭიროა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონი, რომ ხალხმა იცოდეს, ვინ აფინანსებს ცილისმწამებლურ კამპანიებს
ამ გადაწყვეტილებით საბოლოოდ გახდა აშკარა ყველასთვის, რომ ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებები სამართლიანია და არ შეიცავს არანაირი პოლიტიკური მართლმსაჯულების ნიშნებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
„მოგეხსენებათ, დღეს სტრასბურგის სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება და ერთხმად დაადასტურა, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელების შეწყალებისა და ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე სააკაშვილის გასამართლების დროს არანაირ უსამართლობასა და პოლიტიკურ მოტივაციას ადგილი არ ჰქონია.
ამ გადაწყვეტილებით საბოლოოდ გახდა აშკარა ყველასთვის, რომ ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებები სამართლიანია და არ შეიცავს არანაირი პოლიტიკური მართლმსაჯულების ნიშნებს, რასაც ჩვენს სასამართლოს, უკვე ათი წელია, გამუდმებით აბრალებენ შიდა და გარე არაკეთილისმსურველები.
ათი წელია, მუდმივად გვესმის, რომ სასამართლოში კლანია, რომ სასამართლო მიკერძოებულია და რომ მართლმსაჯულება პოლიტიკურია. ამ ცილისწამებას ავრცელებს ჩვენი რადიკალური ოპოზიცია, მათი მოკავშირე არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი ზედამხედველი უცხოური ძალები, რომლებიც რიგ შემთხვევებში ფარულად და უკანონოდ აფინანსებენ ამ პარტიებს და არასამთავრობოებს.
შეგახსენებთ, რომ სააკაშვილის სარჩელზე გამოტანილი განაჩენი არ არის პირველი. სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს მართლმსაჯულება გაამართლა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის, ნიკა მელიას, ბაჩო ახალაიას, ისევე როგორც ყველა დანარჩენ ე.წ. „პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეში“. პირადად სააკაშვილი სულ ახლახან იძულებული გახდა, სტრასბურგიდან გამოეწვია მისივე სარჩელი ჯანმრთელობის დაზიანების თაობაზე, რადგან მიხვდა, რომ საქმეს აუცილებლად წააგებდა და სირცხვილს უკან დახევა ამჯობინა.
უკვე ათი წელია, ცალკეული ჯგუფები ცდილობენ ქართული სასამართლოს და, ზოგადად, სახელმწიფოს სახელის გატეხვას და იმიჯის დაზიანებას. შეგახსენებთ, ევროპის პარლამენტის რამდენ რეზოლუციაში ითხოვდნენ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, რამდენი უცხოელი დიპლომატი და უმაღლესი თანამდებობის მქონე პოლიტიკოსი ამაოდ დაშვრა იმის მტკიცებით, რომ სააკაშვილის პატიმრობა თურმე უკანონოა. შეგახსენებთ კამპანიას „ფრი მიშა“ ანუ „თავისუფლება მიშას“, რომელშიც ჩართულნი იყვნენ „ნაციონალური მოძრაობა“ და არასამთავრობოები ქვეყნის შიგნით და მათი ლობისტები – ქვეყნის გარეთ“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, ბოლო წლების განმავლობაში გამუდმებული შეტევა იყო საქართველოს ხელისუფლებაზე, რომელიც გაჯერებული იყო ტყუილებითა და ცილისწამებით.
„სააკაშვილის გათავისუფლების მიზნით, გვემუქრებოდნენ სანქციებით და გვივრცელებდნენ დეზინფორმაციას. იმავდროულად, სააკაშვილს – უცხოეთში და მის პარტიას საქართველოში სასათბურე პირობები შეუქმნეს და არც დაფინანსება და მფარველობა მოუკლიათ მათთვის. მას ხვდებოდნენ ბრიუსელსა და ვაშინგტონში, უცხადებდნენ მხარდაჭერას და ამწესებდნენ თანამდებობებზე, გარედან ამართვინებდნენ რადიკალურ ოპოზიციას, ბოლოს კი არჩევნების წინ ფარულად შემოაპარეს საქართველოში.
დღეს იგივე ხალხი, ვინც საზღვარგარეთ „ფრი მიშა“ კამპანია წამოიწყო, ჩართულია კამპანიაში „არა რუსულ კანონს“. იგივე ხალხი ისევ გვივრცელებს დეზინფორმაციას, იგივე ხალხი ისევ გვემუქრება სანქციებით. რა თქმა უნდა, გავა დრო და გაირკვევა, რომ აქაც ტყუილთან და ცილისწამებასთან გვაქვს საქმე. გაირკვევა, რომ არც კანონი იყო რუსული და კამპანიასაც ჩვენი ქვეყნის არაკეთილისმსურველი ძალები აფინანსებდნენ.
საბედნიეროდ, ადრე თუ გვიან სიმართლე იმარჯვებს. დღეს სწორედ ის დღეა, როდესაც ათწლიანი კამპანია საქართველოს მართლმსაჯულების წინააღმდეგ კრახით დასრულდა და სამართალმა იზეიმა. ათწლიანი ნარატივი რადიკალურ ოპოზიციას, არასამთავრობოებს და მათ უცხოელ მფარველებს ხუხულასავით ჩამოენგრათ თავზე, თანაც არა ჩვენი, არამედ სტრასბურგის სასამართლოს ხელით.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ ერთი რამის გამოა მნიშვნელოვანი. დადასტურდა, რაოდენ საჭირო და აუცილებელია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის მიღება, რომ ხალხმა დანამდვილებით იცოდეს, ვინ იგონებს და აფინანსებს ამ ცილისმწამებლურ კამპანიებს, იქნება ეს „ფრი მიშა“, „არა რუსულ კანონს“ თუ რომელიმე სხვა. ეს კამპანიები მხოლოდ ერთ მიზანს ისახავს მიზნად – საქართველოში გათიშულობის, მტრობის, დაპირისპირების შემოტანას და საქართველოს დესტაბილიზაციას.
დღეს დადგა განაჩენი არა მარტო სააკაშვილზე, არამედ მის რეჟიმზეც და მის მფარველებზეც. დადგა განაჩენი ათწლიან ცილისმწამებლურ კამპანიაზე საქართველოს წინააღმდეგ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოიტანა. გადაწყვეტილება ეხება მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულ ორ სისხლის სამართლის საქმეს. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ პრესსრელიზში ნათქვამია: „არ არსებობს საფუძველი, რომ ეჭვი შევიტანოთ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი პროცესის სამართლიანობაში“.