თამარ ხულორდავა - ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის მიმართ სამართლებრივი პროცედურების ახლა დაწყება კითხვებს აჩენს
თამარ ხულორდავა - ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის მიმართ სამართლებრივი პროცედურების ახლა დაწყება კითხვებს აჩენს

დეპუტატ თამარ ხულორდავას განცხადებით, ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის მიმართ სამართლებრივი პროცედურების ახლა დაწყება გარკვეულ კითხვებს აჩენს.

„რაც შეეხება სამართლებრივი პროცედურების დაწყებას ზოგიერთი ოპოზიციის წარმომადგენლის მიმართ, მე მესმის, რომ ეს გარკვეულ კითხვებს აჩენს. მართლმსაჯულებამ კითხვები არ უნდა გააჩინოს. ბატონი არჩილ თალაკვაძის კომენტარი მოვისმინე, სადაც ის ამბობდა, რომ როცა კითხვები არსებობს, მას პასუხები უნდა გაეცეს. მე ამ პათოსს სრულად ვიზიარებ, მაგრამ კითხვები როცა გაჩნდება, მაშინვე უნდა გაეცეს მას პასუხები და ეს პროცესები, რომლებიც თითქოს ჩანს, რომ გაჭიანურებულია, მაშინვე არ ხდება გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, მხოლოდ პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე ხდება ზოგიერთი გადაწყვეტილების მიღება, ეს სრულიად მიუღებელია. ასეთი შთაბეჭდილება რჩება, მე არ ვამბობ, რომ ეს ასეა. მართლმსაჯულება ისეთი რაღაც არის, შთაბეჭდილებაც არ უნდა შეიქმნას იმისა, რომ ის რაღაც სხვა მიზანს ემსახურება, გარდა იმისა, რომ სამართალი აღსრულდეს“ ,- განაცხადა თამარ ხულორდავამ.

„ევროპული საქართველო“ წევრი გიგა ბოკერია პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება გიგა ბოკერიას მიერ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდს, კერძოდ, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თანამდებობის პირთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლო ფაქტს. მათივე ინფორმაციით, გიგა ბოკერია მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაიკითხება.