თამარ ხულორდავა - უაღრესად პოზიტიური განწყობა, რომელიც ევროპარლამენტში საქართველოს მიმართ არსებობდა, დღეს ძალიან შერყეულია, რაც უნდა გამოსწორდეს
თამარ ხულორდავა - უაღრესად პოზიტიური განწყობა, რომელიც ევროპარლამენტში საქართველოს მიმართ არსებობდა, დღეს ძალიან შერყეულია, რაც უნდა გამოსწორდეს

დამოუკიდებული დეპუტატის, თამარ ხულორდავას განცხადებით, უაღრესად პოზიტიური განწყობა, რომელიც საქართველოს მიმართ ევროპარლამენტში არსებობდა, ამჟამად, ძალიან შერყეულია და ამას სასწრაფოდ გამოსწორება სჭირდება.

ჟურნალისტებთან საუბარში თამარ ხულორდავა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე დეკლარაციის ჩაგდებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რეზოლუციის ვერ მიღება, ქვეყნისთვის კარგი არ არის.

დეპუტატის თქმით, საქართველოს ფუფუნება არ აქვს, ევროკავშირთან ურთიერთობაში გადაუწყვეტელი და მოუგვარებელი პრობლემები ჰქონდეს.

„საპარლამენტო ნაწილში, ასოცირების საპარლამენტო კომიტეტი ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმაა საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ერთობლივ დოკუმენტში, ევროპული ინტეგრაციის გზაზე ქვეყნის პროგრესი ფასდება და ჯამდება. ასევე ის შენიშნვნები, თუ კრიტიკა აისახება, რაც იმ პერიოდში საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაშია აქტუალური. რეზოლუციის ვერ მიღება, ქვეყნისთვის კარგი არ არის. ეს იმას ნიშნავს, რომ ურთიერთობაში სერიოზული პრობლემები არსებობს. ფუფუნება არ გვაქვს, ევროკავშირთან ურთიერთობაში გადაუწყვეტელი და მოუგვარებელი პრობლემები გვქონდეს. ეს ქვეყნისთვის კარგი არ არის“, – აღნიშნავს დეპუტატი.

ხულორდავა განმარტავს, რომ ზოგადად, რეზოლუციაში ქვეყნის თაობაზე ძალიან დადებითი საკითხები აისახება.

„რატომ ვერ შევუერთდები საყოველთაო ზეიმს, რომ პროექტი ჩავარდა? – რეზოლუციაში საუბარი იყო იმაზე, რომ საქართველოს ევროკავშირში წევრობის პერსპექტივა აქვს, ასევე კარგია, რომ თავისუფალი მიმოსვლა არსებობს. ასევე ეკონომიკური თანამშრომლობა უნდა გაძლიერდეს და საქართველოში მეტი ინვესტიცია უნდა შემოვიდეს. ტექსტის ჩავარდნა იმას ნიშნავს, რომ არც ერთი ელემენტის ასახვა არ მოხდა იმ საბოლოო დოკუმენტში, რომელიც ასოცირების კომიტეტის სხდომის შედეგად გვაქვს“, – განაცხადა ხულორდავამ.

კანონმდებელის აზრით, ძირითადი პრობლემა არის ის, რომ მმართველი გუნდის მიმართ ნდობა დაზიანებულია.

„ჩვენსა და ევროპარლამენტის ურთიერთობაში სერიოზული, გადაუწყვეტელი და მოუგვარებელი საკითხები არსებობს. ვფიქრობ, რომ ახლა ერთამენთისკენ ხელის გაშვერისა და გადაბრალების ნაცვლად, ყველა გამოსავალზე უნდა ვფიქრობდეთ, რაც ჩვენს ქვეყანას წაადგება და საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას არ დააზარალებს. ოპოზიციას სხვა დროს, სხვა შემთხვევებშიც, წინა საპაარლამენტო ასოცირების კომიტეტების დროს, ისეთი მცდელობები ჰქონდა, რომ ანგარიშები ჩაეგდო, რათა საბოლოო შეთანხმებული ტექსტის მიღება არ მომხდარიყო, მაგრამ ეს არც ერთხელ მომხდარა, რადგან ხელისუფლებას ადეკვატური ხედვა ჰქონდა, სწორი მიმართულებით მიდიოდა, რაც შეფასებული და დანახული იყო“, – დასძინა ხულორდავამ.

სტრასბურგში ევროკავშირი-საქართველოს ​ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციის ტექსტზე ვერ შეთანხმდნენ.

მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ რეზოლუციის ჩავარდნა ოპოზიციის ძალისხმევის შედეგია და მათი ქმედებები ანტისახელმწიფოებრივია.