თამარ ხულორდავა - საქართველოს ნატო-სთან ურთიერთობების გზაზე დიდი პროგრესი აქვს, რაც რუსეთს აღიზიანებს
დიმიტრი მედვედევის განცხადებაში არც ახალი და სამწუხაროდ, არც განსხვავებული არაფერი არ არის, ჩვენ ბევრი ასეთ განცხადებები გვსმენია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამარ ხულორდავამ დიმიტრი მედვედევის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
მისივე თქმით, რუსეთის გააქტიურება გამომდინარეობს იქიდან, რომ საქართველოს ნატო-სთან ურთიერთობების გზაზე დიდი პროგრესი აქვს.
„ეს დაახლოება აღიზიანებს ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს და სწორედ ამას უნდა მივაწეროთ რუსეთის ხელისუფლების მხრიდან მწვავე განცხადებები. ჩვენ არჩევანი გაკეთებული გვაქვს, ეს არის ქართველი ხალხის სუვერენული არჩევანი. ჩვენი არჩევანი არის დემოკრატია, სტაბილურობა, მშვიდობა, მყარი ინსტიტუტები და ამის მიღწევა შესაძლებელია სწორედ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციით”, – განაცხადა ხულორდავამ.
რუსეთის პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის თქმით, საქართველოს ნატო-ში შესვლა კატასტროფული შედეგებით დასრულდება. „ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს შესვლამ შესაძლოა, საშინელი კონფლიქტის პროვოცირება გამოიწვიოს. გაუგებარია, რა საჭიროა ეს ყველაფერი“,- განაცხადა მედვედევმა რადიო „კომერსანტ FM“-თან ინტერვიუში.