თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია აშშ-ს ეწვევა
თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია აშშ-ს ეწვევა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში საპარლამენტო დელეგაცია შეხვედრებს კონგრესმენებთან, მათ შორის, კონგრესის ახლად არჩეულ წევრებთან გამართავს. დაგეგმილია შეხვედრები ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან, ჯერი კონოლისთან და ადამ კინზინგერთან, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატასთან არსებული „დემოკრატიის პარტნიორობის პალატის“ თავმჯდომარის მოადგილესთან, დევიდ პრაისთან.

შეხვედრები გაიმართება საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) პრეზიდენტ დენ ტვინინგთან, საერთაშორისო ორგანიზაციის – „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED) პრეზიდენტ კარლ გერშმანთან, „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის“ (IFES) ხელმძღვანელობასთან და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ადმინისტრაციულ თანაშემწესთან ბროკ ბირმანთან.

საქართველოს პარლამენტის წევრები მონაწილეობას მიიღებენ გერმანიის მარშალის ფონდში (GMF) გამართული მრგვალი მაგიდის მუშაობასა და ჯორჯ ვაშინგტონის ევროპული, რუსული და ევრაზიული სწავლებების ინსტიტუტში გამართულ დისკუსიაში. ასევე, გაიმართება მრგვალი მაგიდა ებრაული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საქართველოს ორპარტიული მხარდაჭერა აქვს კონგრესის მხრიდან. თუმცა, მისივე თქმით, საპარლამენტო დელეგაციის მთავარი ამოცანაა, მოიპოვენ და გააძლიერონ ახლად არჩეული კონგრესმენების მხარდაჭერა საქართველოს მიმართ.

„წელს იქნება განსახილველი ისეთი მნიშვნელოვანი აქტები, როგორიცაა, მაგალითად, საქართველოს მხარდაჭერის აქტი და ასე შემდეგ. საქართველოსთან მიმართებით რაც უნდა გადაწყდეს, იქნება ამ კონგრესმენების გადასაწყვეტი. ამ ახალი კონგრესმენების მხარდაჭერა ჩვენ ქვეყანას დასჭირდება. სწორედ ამიტომ, ჩვენ შეხვედრა გვექნება ათეულობით ახლად არჩეულ კონგრესმენთან. გავაცნობთ ჩვენს ქვეყანას, ვეტყვი,თ თუ როგორი თანამშრომლობა გვქონდა ამ წლების განმავლობაში და ბუნებრივია, კვლავ ვეცდებით, მათი მხარდაჭერა გვქონდეს და გაგრძელდეს. ასევე, გვექნება შეხვედრები აღმასრულებელ ხელისუფლებასთანაც, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან, USAID-ის წარმომადგენლებთან და იმ არასამთავრობო აქტორებთან, რომლებიც ჩვენს ქვეყანასთან დიდი ხანია, მუშაობენ. საპარლამენტო დელეგაციას, ფაქტობრივად, შეხვედრა ექნება ყველა აქტორთან, როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ჩვენი ამოცანაა, ახლად ჩატარებული კონგრესის არჩევნების შემდგომ ჩვენი ქვეყნის მიმართ კონგრესში მხარდაჭერა გაგრძელდეს და გაძლიერდეს“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის მოადგილე ელენე ხოშტარია შედიან.