საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პრაღის სამიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გამართა
საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პრაღის სამიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გამართა

„ყირიმის პლატფორმის“ საპარლამენტო სამიტის ფარგლებში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მარიამ ლაშხმა ორმხრივი შეხვედრები გამართეს ფინეთის პარლამენტის სპიკერთან, იუსი ჰალლა-აჰოსთან, საბერძნეთის პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერთან, იოანის პლაკიოტაკისთან, ავსტრიის ფედერალური საბჭოს პრეზიდენტთან, კლაუდია არპასთან და შვედეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერთან, კერსტინ ლუნდგრენთან.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრებზე განიხილეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული საკითხები, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროგრესი, მიმდინარე წლის დეკემბერში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობა.

„ხაზი გაესვა საქართველოს მიერ ბოლო წლებში მიღწეულ პროგრესს, წარმატებულ რეფორმებს, რაც ქმნის საფუძველს საქართველოსათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის დამსახურებულად მინიჭებისათვის. ასევე განხილულ იქნა გეოპოლიტიკური კონტექსტი, რაც ხაზს უსვამს ევროკავშირში ინტეგრაციის დაჩქარების საჭიროებებს.

„ყირიმის პლატფორმის“ საპარლამენტო სამიტზე სიტყვით მიმართვისას არჩილ თალაკვაძემ ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის დაჩქარების მნიშვნელობას ევროპის უსაფრთხო მომავლის უზრუნველყოფის მიზნით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.