თამარ ჩუგოშვილი - სტიქიასთან საბრძოლველად სამხედრო ტექნიკისა და ადამიანური ძალის გამოყენებაზე პარლამენტის ნებართვა ნოემბრიდან საჭირო აღარ იქნება
თამარ ჩუგოშვილი - სტიქიასთან საბრძოლველად სამხედრო ტექნიკისა და ადამიანური ძალის გამოყენებაზე პარლამენტის ნებართვა ნოემბრიდან საჭირო აღარ იქნება

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ჭუბერში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის რამდენიმე ერთეული სამხედრო ტექნიკის გამოყენება გახდა საჭირო, რაც მისივე თქმით, შედეგების ლიკვიდაციას უზრუნველყოფს.

ამასთან, ჩუგოშვილის ინფორმაციით, კონსტიტუციაში შეტანილია ცვლილება, რომ სტიქიასთან საბრძოლველად სამხედრო ტექნიკისა და ადამიანური ძალის გამოყენებაზე პარლამენტის ნებართვა საჭირო აღარ იქნება, თუმცა ეს არ შეეხება საგანგებო და საომარ მდგომარეობას.

აღნიშნული ცვლილება დეპუტატის თქმით, ძალაში შევა მიმდინარე წლის ნოემბერში.

„კონსტიტუცია სტიქიის დროს სამხედრო ტექნიკის გამოყენებაზე ითხოვს პარლამენტის ნებართვას. სწორედ ამიტომ, დღეს რიგგარეშე ფორმატში იკრიბება პარლამენტი და მისცემს ნებართვას აღმასრულებელ ხელისუფლებას ამ ტექნიკის გამოყენებაზე. თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ კონსტიტუციაში ის ჩანაწერი, რომელიც დღეს არსებობს და ასეთ შემთხვევაში სტიქიასთან საბრძოლველად პარლამენტის სავალდებულო ნებართვას მოითხოვს, არასწორია. ეს ცვლილება უკვე შეტანილია კონსტიტუციაში, შევა ძალაში ნოემბერში და მსგავს შემთხვევებში აღმასრულებელი ხელისუფლება სამხედრო ტექნიკისა და თუნდაც ადამიანური ძალის  გამოყენებას შეძლებს საპარლამენტო ნებართვის გარეშე.

ჩვენ უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან, როდესაც არის საგანგებო და საომარი მდგომარეობა, რასაც, რა თქმა უნდა, პარლამენტის ნებართვა სჭირდება. მაგრამ მეორეა, როდესაც ბუნებრივი კატაკლიზმების გამო, გარკვეული ტექნიკის ან ადამიანური ძალის გამოყენებაა საჭირო, რასაც არ უნდა სჭირდებოდეს ამ დონის ნებართვების გაცემა. ეს უკვე გამიჯნულია კონსტიტუციაში. ნოემბრიდან აღარ დაგვჭირდება პარლამენტის ნებართვა.

რა თქმა უნდა, სხვა არის საგანგებო ან საომარი მდგომარეობის შემთხვევაში, როდესაც საჭიროა პარლამენტის ნებართვა. მთავრობამ ჩათვალა, რომ გარკვეული გზების აღსადგენად აუცილებელია რამდენიმე მანქანის გამოყენება, რომელსაც აქვს შესაბამისი ტექნიკური შესაძლებლობები, რომელიც გზების აღდგენას შეუწყობს ხელს“,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

სტიქიური უბედურებით გამოწვეულ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებისთვის სამხედრო ძალების გამოყენებაზე პრეზიდენტის ბრძანებას პარლამენტი საგანგებო სხდომაზე დღეს დაამტკიცებს.