სტიქიური უბედურებით გამოწვეულ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებისთვის სამხედრო ძალების გამოყენებაზე პრეზიდენტის ბრძანებას პარლამენტი საგანგებო სხდომაზე დაამტკიცებს
სტიქიური უბედურებით გამოწვეულ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებისთვის სამხედრო ძალების გამოყენებაზე პრეზიდენტის ბრძანებას პარლამენტი საგანგებო სხდომაზე დაამტკიცებს

საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა გიორგი მარგველაშვილმა სამეგრელო-ზემო სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში სტიქიური უბედურებით გამოწვეულ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით, საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ ბრძანება გამოსცა. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის ბრძანება პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

როგორც საქართველოს პარლამენტში აცხადებენ, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თბილისში, პარლამენტის შენობაში დღეს ბიუროს სხდომა, მოგვიანებით კი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა გაიმართება. 17:30 საათზე კი, ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაში საგანგებო სხდომა ჩატარდება. სხდომაზე პრეზიდენტის ბრძანების შესახებ იმსჯელებენ.

პრეზიდენტის ბრძანებაში აღნიშნულია – საქართველოს კონსტიტუციის მე-100 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გამოყენებულ იქნეს საქართველოს სამხედრო ძალების შემდეგი ქვედანაყოფები: საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობა; საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.