თამარ ჩუგოშვილი - სექსუალური ძალადობისგან დაცვის საშუალებები შექმნილია, კანონის წინაშე ყველა თანასწორია და თითოეული მოძალადე უნდა დაისაჯოს, განურჩევლად თანამდებობისა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ ძალიან მძიმე იყო მასმედიის საშუალებით სექსუალური ძალადობის შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციის მოსმენა.
„ძალიან მძიმე იყო გუშინ, მასმედიის საშუალებით, გავრცელებული ინფორმაციის მოსმენა, სექსუალური ძალადობის შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით.
სექსუალური ძალადობისგან და შევიწროებისგან დაცვის საშუალებები შექმნილია, ხოლო კანონის წინაშე ყველა თანასწორია და თითოეული მოძალადე უნდა დაისაჯოს, განურჩევლად მისი თანამდებობრივი კუთვნილებისა.
სამართალდამცავებმა დაუყოვნებლივ უნდა შეაფასონ შემთხვევა და მოახდინონ ადეკვატური რეაგირება“, – წერს თამარ ჩუგოშვილი „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე.
საკრებულოს დეპუტატს, ისნის მაჟორიტარ ილია ჯიშკარიანს მისი თანაშემწე ქალი ძალადობაში ადანაშაულებს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით მიმდინარეობს: 126-მუხლი – ძალადობა, 138-ე მუხლი – სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება და 187-ე – ნივთის დაზიანება ან განადგურება. უწყებაში აცხადებენ, რომ ორივე მხარე, საკრებულოს დეპუტატიც და თანამშრომელი ქალიც გამოიკითხნენ ორი დღის წინ, ასევე საქმესთან დაკავშირებით გამოიკითხა ყველა ის პირი, ვისაც შესაძლოა, რაიმე კავშირი ან ინფორმაცია ჰქონდეს მომხდართან დაკავშირებით. დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები და საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.