თამარ ჩუგოშვილი - პარლამენტის სხდომათა დარბაზი ქუჩა და სახულიგნო ადგილი არ არის
პარლამენტის ეთიკის საბჭო პირველ სხდომას დღეს გამართავს.
როგორც ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განუცხადა, ეთიკის საბჭო დაკომპლექტებულია ისე, რომ ბალანსი მაქსიმალურად დაცულია.
მისი თქმით, საბჭოში საპარლამენტო უმრავლესობა საკმაოდ მცირე დოზით არის წარმოდგენილი.
„ვცადეთ, რომ დაკომპლექტების დროს ბალანსი შეგვენარჩუნებინა, რათა საბჭოს მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით კითხვები არ გაჩენილიყო. რაც შეეხება გუშინდელ მოვლენებს, ასეთი სცენები ძალიან მაწუხებს. არ მინდა, რომ მოსახლეობა საქართველოს პარლამენტში იმას ხედავდეს, რასაც გუშინ ყველა ერთად ვხედავდით. ეს ძალიან დამაზიანებელია ინსტიტუტის იმიჯისთვის. ძალიან ბევრს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ინსტიტუტის იმიჯი შევქმნათ და თითოეული ასეთი გამოხტომით, ეს ნაბიჯები აზრს კარგავს, რადგან მოსახლეობა ამ აურზაურს უყურებს, რაც ძალიან მტკივნეულია. თუ დეპუტატები ეთიკის საბჭოს მიმართავენ, ნელ-ნელა პრეცედენტი დამკვიდრდება, რომ ასეთი ქცევა მიუღებელია და პარლამენტის სხდომათა დარბაზი ქუჩა და სახულიგნო ადგილი არ არის. კარგი იქნება, თუ ამას სხვადასხვა პირი შეიგნებს“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
საქართველოს პარლამენტის პლენალურ სესიაზე გუშინ ვიცე-სპიკერ გია ვოლკისა და დეპუტატა გიგა ბოკერიას შორის დაპირიპირება მოხდა. დაპირისპირება ბოკერიას განცხადებას მოჰყვა, რომელმაც სხდომაზე აღნიშნა, რომ გია ვოლსკი ცეკა-ს ყოფილი ინსტრუქტორია, კარლო კოპალიანი გორკის პარტიულ სკოლაში სწავლობდა 9 აპრილის შემდეგ, გუგული მაღრაძე კი, პარტკომი იყო. ბოკერიას ვოლსკიმ უპასუხა და აღნიშნა, რომ ადამიანებს, რომელზეც ბოკერია საუბრობდა, ყავარჯნებით არ გაუუპატიურებიათ მამაკაცი, არ მოუკლავთ ქუჩაში ახალგაზრდა და არ უწამებიათ.