გიგა ბოკერია - „ქართულ ოცნებას“ ჰყავს ვოლსკი, ცეკა-ს ინსტრუქტორი, კოპალიანი, რომელიც გორკის პარტიულ სკოლაში სწავლობდა 9 აპრილის მერე, გუგული მაღრაძე პარტკომი იყო, ვის უკითხავთ თქვენ მორალს, ვის
„ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა გიგა ბოკერიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ არჩევნებზე ყველამ იხილა ივანიშვილის გუნდის, „ქართული ოცნების“ ტრადიციული პაკეტი.
„დაჭერილი ადამიანის ბედით ვაჭრობა, ადმინისტრაციული რესურსი მთელი გამგეობების ნათესავებიანად, სიპებისა და აიპების ხალხი გამოჭიმული უბნებზე, უბინძურესი კამპანია თქვენს პროპაგანდისტულ ორგანოებში, „იმედით“ დაწყებული, სოციალური ქსელებით გაგრძელებული, ამ ორი ამაზრზენი პოლიტიკური წარმონაქმნის – ნაცვლიშვილსა და შალვა რამიშვილის მეთაურობით“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
პარლამენტის წევრმა აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ ისინი კრიმინალების არჩევნებში პირველ ტურში გამოყენებაში დაადანაშაულა.
„თქვენ, ბატონო კობახიძე, ბრძანეთ, რომ ოპოზიცია იყენებდა პირველ ტურში კრიმინალებს. როგორც გჩვევიათ, ტალახი ისროლეთ ყოველგვარი ფაქტების გარეშე ისე, უბრალოდ, თითქოს ვერავინ ვერ მიხვდება, რა უნდა შესთავაზოს ოპოზიციამ კრიმინალს, ვერ დააფარებს ხელს, ვერ უმფარველებს და ვერაფერი“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მისი თქმით, კრიმინალური სამყაროს წევრები საარჩევნო უბანზე ახალგაზრდა გოგოებს შუაზე გაჭით ემუქრებოდნენ, რაც გადაღებულია.
„მოვისმინე თქვენი ყველა თავმომწონე, ტრიპაჩული განცხადება, როგორ მოიგეთ. შევეჩვიეთ მოგებასო – ღიმილით თქვა ჩვენმა სანდომიანმა პარლამენტის თავმჯდომარემ. ერთი დაგმობა არ მომისმენია თქვენი, ერთი დაგმობა, ზრდილობისთვის რომ გეთქვათ, ვგმობთ, ახალგაზრდა გოგოს შუაზე გაჭრით რომ ემუქრებიან და უბინძურესად აგინებენ, ეს ჩვენთვის მიუღებელიაო. ამასაც კი ვერ იძახით გარკვევით, იმდენად ხართ დამოკიდებული და იმდენად გაქვთ პოლიტიკური ზნეობა დაკარგული“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ამასთან, გიგა ბოკერიამ უმრავლესობის წარმომადგენლებს ჰკითხა, რომელი იყო კომპარტიაზე დანაშაულებრივი რეჟიმი, ფაშისტურის გარდა.
„ვინ იყო, ვინც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა დაამხო, მილიონობით ადამიანი დახვრიტა, ვინც ბოლოსაც კი, გახრწნის პიკშიც კი 9 აპრილს დამოუკიდებლობისათვის შეკრებილი თავისუფალი მოქალაქეები დაარბია. თქვენ გყავთ ბატონი ვოლსკი, ცეკა-ს ინსტრუქტორი, 9 აპრილის მერე კომპარტიის ცეკა-ს ინსტრუქტორი იყო. თქვენ გყავთ ბატონი კოპალიანი, რომელიც გორკის პარტიულ სკოლაში სწავლობდა 9 აპრილის მერე, თქვენ გყავთ გუგული მაღრაძე პარტკომი იყო ამ ყველაფრის მერე, ვის უკითხავთ თქვენ მორალს, ვის?“ – მიმართა ბოკერიამ პარლამენტში მყოფ უმრავლესობას.