თამარ ჩუგოშვილი - ია კერზაიას საქმეზე გამოძიებისგან დამაჯერებელ შედეგებს ჯერ ვერ ვხედავ
მინდა, ია კერზაიას საქმეზე გამოძიებისგან დავინახო დამაჯერებელი შედეგები, რომელსაც ჯერ ვერ ვხედავ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.
„ეს ის საქმეა, რომელზეც ძალიან დიდი დანაკლისი მაქვს. ვიცნობ მის შვილს, ეს პირადადაც მაქვს ნათქვამი და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ძალიან მძიმე ფაქტის მიმართ მინდა ჩემი წუხილი გამოვხატო. ეს არის ის საქმე, რომელზეც პირადად მაქვს დანაკლისი. მინდა, გამოძიებისგან დავინახო დამაჯერებელი შედეგები, რომელსაც ჯერ ვერ ვხედავ“, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.
ზუგდიდის N6 საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით გამოძიება უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
ზუგდიდის მე-6 სკოლაში ინსპექტირება მოქალაქის წერილის საფუძველზე გასული წლის ნოემბერში ჩატარდა. დეკემბერში კი, ინსულტის შედეგად გარდაიცვალა სკოლის დირექტორი ია კერზაია. გენერალური პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ვიდრე ია კერზაიას გარდაცვალების მიზეზად დანაშაულებრივი ქმედება არ გამოიკვეთება, გამოძიება მოკლებულია შესაძლებლობას, მისი რომელიმე ახლო ნათესავი ცნოს დაზარალებულად.