ზუგდიდის მე-6 სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
ზუგდიდის მე-6 სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

ზუგდიდის მე-6 სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო.

ამის შესახებ პირველი არხისთვის გახდა ცნობილი.

პირველი არხი გენერალურ პროკურატურას დაუკავშირდა, სადაც გამოძიების დაწყების შესახებ ინფორმაცია დაადასტურეს.

“საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით. საქმეზე მიმდინარე გამოძიების პროცესში, ჩატარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. ჩატარებული გამოძიების შედეგების შესახებ კი დამატებით ეცნობება საზოგადოებას”,- აცხადებენ გენერალურ პროკურატურაში.

ზუგდიდის მე-6 სკოლაში ინსპექტირება მოქალაქის წერილის საფუძველზე გასული წლის ნოემბერში ჩატარდა. დეკემბერში კი, ინსულტის შედეგად გარდაიცვალა სკოლის დირექტორი ია კერზაია. ოპოზიცია გარდაცვალებას ინსპექტირებასა და ია კერზაიაზე პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებს. მომხდარზე გამოძიების დაწყებას ითხოვდა ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელიაც.

დატოვე კომენტარი