Sunday Mirror - სკრიპალების მოწამვლაში ეჭვმიტანილებს ორი თანამზრახველი ჰყავდა
ბრიტანული Sunday Mirror-ის ცნობით, სკრიპალების მოწამვლაში ეჭვმიტანილ პირებს ორი თანამზრახველი ჰყავდათ. გამოცემის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ რუსლან ბოშიროვი და ალექსანდრ პეტროვი ექიმს და რუსეთის საელჩოს თანამშრომლებს შეხვდნენ.
სტატიაში ნათქვამია, რომ ბოშიროვისა და პეტროვის ერთ-ერთი თანამზრახველი ექიმია, რომელსაც უნდა უზრუნველეყო, რომ სკრიპალების მოწამვლაში ბრალდებულები თავად არ გამხდარიყვნენ სასიკვდილო შხამის მსხვერპლი და თუ ასეთი რამ მაინც მოხდებოდა, მკურნალობის კურსი ჩაეტარებინა.
Sunday Mirror-ის ცნობით, დიდ ბრიტანეთში ჩასული რუსეთის მოქალაქეები სასტუმროში დაბინავებამდე შეხვდნენ ექიმს და კიდევ ერთ დამხმარეს, რომელიც რუსეთის საელჩოში მუშაობს. ამის შემდეგ პეტროვი და ბოშიროვი სოლსბერიში გაემგზავრნენ.
პუბლიკაციაში ასევე აღნიშნულია, რომ სასტუმროში ყოფნის დროს, ბოშიროვი და პეტროვი სავარაუდოდ მარიხუანას ეწეოდნენ და სექს მუშაკი ჰყაადათ გამოძახებული. ამ ინფორმაციას ბრიტანულ ტაბლოიდთან სასტუმროს თანამშრომლები და სტუმრები ადასტურებენ.
შეგახსენებთ, ალექსანდრ პეტროვს და რუსლან ბოშიროვს ლონდონი ყოფილი ორმაგი ჯაშუშის სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლაში სდებენ ბრალს. მოსკოვში კი ამ ბრალდებას უარყოფენ. თავად ბოშიროვმა და პეტროვმა რუსულ ტელეკომპანია „რაშა თუდეისთან“ ინტერვიუში განაცხადეს, რომ სოლსბერიში ტურისტული ვიზიტით იმყოფებოდნენ.