დიმიტრი პესკოვი სკრიპალების მოწამვლაში ეჭვმიტანილებზე - მრავალი ადამიანი ჰგავს ერთმანეთს
დიმიტრი პესკოვი სკრიპალების მოწამვლაში ეჭვმიტანილებზე - მრავალი ადამიანი ჰგავს ერთმანეთს

ბრიტანულმა საგამოძიებო ჯგუფმა Bellingcat და The Insider-მა სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლაში ეჭვმიტანილ ერთ-ერთ პირში, რუსეთის დაზვერვის ოფიცერი, ანატოლი ჩეპიგა ამოიცნო.

სექტემბრის დასაწყისში დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ სათვალთვალო კამერების მიერ, სოლსბერიში, სკრიპალების საცხოვრებელი სახლის სიახლოვეს დაფიქსირებული ორი მამაკაცის ფოტოსურათი გაავრცელა, რომლებიც თავდაპირველად, რუსლან ბაშიროვად და ალექსანდრ პეტროვად მიიჩნიეს და თავდასხმაში ეჭვმიტანილად ცნეს.

მოგვიანებით, საგამოძიებო ჯგუფმა Bellingcat/The Insider -მა რუსლან ბაშიროვში, დაზვერვის ოფიცერი ანატოლი ჩეპიგა ამოიცნო. მას რუსეთის გმირის წოდება პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 2014 წელს მიანიჭა და ოქროს მედალიც გადასცა.

ანატოლი ჩეპიგას იდენტიფიცირებას კრემლის პრესსამსახური ეხმაურება. დიმიტრი პესკოვის განცხადებით, მრავალი ადამიანი ჰგავს ერთმანეთს. თუმცა, მათთვის უცნობია, თუ ვინ არიან ფოტოსურათზე ასახული ის პირები, რომლებიც სათვალთვალო კამერებმა სოლსბერიში დააფიქსირეს.

გამოძიების ინფორმაციით, ეჭვმიტანილები რუსეთიდან დიდ ბრიტანეთში, ყალბი პასპორტების გამოყენებით ჩავიდნენ და სუნამოში დამალული მომწამლავი ნივთიერება სკრიპალების წინააღმდეგ გამოიყენეს.