დიდ ბრიტანეთში რუსი ოლიგარქების „შავი სია“ შეადგინეს
დიდ ბრიტანეთში რუსი ოლიგარქების „შავი სია“ შეადგინეს

დიდ ბრიტანეთში რუსი ოლიგარქების „შავი სია“ შეადგინეს. ბრიტანული „ტელეგრაფის“ ცნობით, ნუსხაში რომან აბრამოვიჩი, იგორ სეჩინი და პუტინთან დაახლოებული კიდევ ოთხი პირი მოხვდება. ამ ადამიანებს გაერთიანებულ სამეფოს ტერიტორიაზე გადაადგილება და ბიზნესსაქმიანობა აეკრძალებათ.

„ტელეგრაფი“ იუწყება, რომ რუსი ოლიგარქების „შავი სია“ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა უკვე დაამტკიცა. მას უახლოეს ხანში დაურიგებენ სამთავრობო უწყებებს და ლონდონის მოკავშირეებს. ეს სია არის ლონდონის პასუხი სოლსბერის ინციდენტზე, რა დროსაც ყოფილი ორმაგი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი მოწამლეს.

ნუსხაში მოხვდნენ ასევე ალიშერ უსმანოვი, ძმები როტენბერგები და ოლეგ დერიპასკა. ბრიტანული მთავრობა მიიჩნევს, რომ სწორედ სიაში ჩამოთვლილი პირები ეხმარებიან პუტინს ძალაუფლების შენარჩუნებაში.