შეზღუდული უფლებამოსილება გაწევრიანების სანაცვლოდ

21:30, 21.11.2026

ევროკავშირის ახალი წევრები – შეზღუდული უფლებებითა და ათწლიანი გამოსაცდელი ვადით. გაერთიანების ელჩებმა მხარი დაუჭირეს წესის შემოღებას, რომელიც ხმის უფლების შეჩერებას ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, თუ ახალი წევრები კანონის უზენაესობის პრინციპებს შელახავენ და კავშირს გადაწყვეტილების მიღებას გაურთულებენ. „ევრონიუსის“ ინფორმაციით, ევროკომისიის ინიციატივა უნგრეთის პრეცედენტის განმეორების თავიდან აცილებას ისახავს მიზნად, როდესაც ვიქტორ ორბანის მმართველობისას ბუდაპეშტმა არაერთხელ მიმართა ვეტოს უფლებას იმ გადაწყვეტილებების დასაბლოკად, რომელთათვისაც ერთსულოვნება იყო აუცილებელი. გავრცელებული ცნობით, განხილვები ახლა ზოგადი წესებიდან კონკრეტულად მონტენეგროს საკითხზე გადავა; თავად დოკუმენტის მიღებას კი ევროკომისია 2027 წლის ივნისში ვარაუდობს.

ამასთან, ცხადი ხდება, რომ ახალი მიდგომის გარშემო აზრთა სხვადასხვაობა თავად ევროკავშირშიც არსებობს: ზოგიერთი წევრისთვის ბუნდოვანია, რა ობიექტური კრიტერიუმით შეიძლება შეფასდეს „კეთილსინდისიერი თანამშრომლობის“ პრინციპის დარღვევა; სხვები კი ვარაუდობენ, რომ მექანიზმი, შესაძლოა, ახალ წევრებზე ზეწოლისთვის იქნეს გამოყენებული, რათა მათ საკუთარ ეროვნულ ინტერესებთან თანხვედრი პოზიციები დათმონ.

საკითხი აქტიურად განიხილება საქართველოს  პოლიტიკურ სივრცეშიც: ოპოზიციის ერთი ნაწილი ინიციატივას გამართლებულად მიიჩნევს, მეორე ნაწილის აზრით კი გაწევრება სამართლიანობის პრინციპს უნდა ემყარებოდეს. თანასწორუფლებიანობის ნაცვლად, დაქვემდებარებული ურთიერთობები – ასე შეფასდა მმართველ გუნდში ახალი ამბავი ევროპიდან.

მსგავსი