სოფო კილაძე - ხანძრის ვერც შემთხვევით და ვერც ხელოვნურად გაჩენას გამოვრიცხავთ, სიმართლე გამოძიებამ უნდა დაადგინოს
სამართალდამცავმა ორგანოებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ ცაბაძის ქუჩაზე ხანძართან დაკავშირებით სიმართლე დადგინდეს. ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ძალიან უცნაურია, რომ ზაფხულიდან მოყოლებული ქვეყანაში ხანძრის ამდენი შემთხვევა ფიქსირდება.
„თუ არსებობს კითხვის ნიშნები, ბუნებრივია, სამართალდამცავმა ორგანოებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ სიმართლე დადგინდეს. მართლაც, ცოტა უცნაურია, დაწყებული ზაფხულიდან, ამდენი ხანძარი ქვეყანაში, ეს ძალიან ცუდია და ამან დიდი ზიანი მიაყენა მთლიანად ქვეყანას. ძალიან მძიმე იქნება ადამიანებისთვის, რომლებიც ლუკმაპურს შოულობენ ამ ბაზრობაზე. მგონია, რომ შესაძლებელია აქ კითხვის ნიშნები დაისვას. თუმცა უკვე გამოძიებამ უნდა დაადგინოს, იყო თუ არა გაჩენილი ხანძარი ხელოვნურად“, – განაცხადა სოფო კილაძემ.
მისი თქმით, არც ისაა გამორიცხული, რომ ხანძარი შემთხვევით გაჩნდა და არც ის, რომ ვინმემ ხელოვნურად გააჩინა.
„ხანძარი არის ის თემა, სადაც გამოძიებას ძალიან უჭირს სიმართლის დადგენა და არა მხოლოდ საქართველოში, რადგან არის რაღაც დეტალები, რომელიც გამოსაკვლევად ძალიან რთულია“, – განაცხადა დეპუტატმა.
ცაბაძის ქუჩაზე, ბაზრობა „თერგში“ ხანძარი გუშინ ღამით, დაახლოებით 00:00 საათისთვის გაჩნდა. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ცეცხლის ლოკალიზება რამდენიმე საათში მოხერხდა.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა თბილისის მერი კახა კალაძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი მღებრიშვილი.
გიორგი მღებრიშვილის ინფორმაციით, დამწვარია მინიმუმ 3000 კვ.მ. ფართობი.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ტერიტორიაზე კვლავ ძლიერი დაკვამლიანებაა.