სოციალური მომსახურების სააგენტო - გარდაცვლილი გოგონას ოჯახიდან ძალადობაზე შეტყობინება 6 იანვრამდე არ შემოსულა
სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსი მარი წერეთელი აცხადებს, რომ ოთხი წლის გოგონა, რომელიც გუშინ ნაძალადევის რაიონში გარდაიცვალა, სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ იმყოფებოდა და დედა მას ხშირად ნახულობდა.
მისი თქმით, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო, დედამ სოციალურ სამსახურს მიმართა და ითხოვა, გოგონა დროებით სახელმწიფო ზრუნვაში ყოფილიყო, რაზეც მოხდა შესაბამისი რეაგირება.
„კონკრეტული ბავშვის შემთხვევა ჩვენთვის ცნობილი იყო პრაქტიკულად დაბადებიდან. დაბადების შემდგომ დედამ მიმართა სოციალურ სამსახურს და ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ითხოვა დროებით ბავშვის სახელმწიფო ზრუნვაში განთავსება, რაზეც მოხდა შესაბამისი რეაგირება. ქვეყნისთვის და ჩვენთვისაც პრიორიტეტი არის ბიოლოგიური ოჯახი. ბავშვი მინდობით აღზრდის პერიოდში ხდებოდა როგორც ბავშვის განვითარებაზე მეთვალყურეობა, ასევე ბიოლოგიურ ოჯახთან ურთიერთობის მეთვალყურეობა. დედა ხშირად ნახულობდა და ჩართული იყო ბავშვის განვითარებაში. გოგონა მინდობით აღზრდაში სამ წელიწადნახევრის განმავლობაში იმყოფებოდა“, – განაცხადა მარი წერეთელმა.
მარი წერეთელი განმარტავს, რომ ოჯახის ფსიქო-სოციალური შეფასება ხდებოდა.
„ამდენი წლის განმავლობაში სოციალური სამსახური არ აფიქსირებდა აღნიშნულ ოჯახში ძალადობრივი დამოკიდებულების ნიშნებს როგორც ბავშვის მიმართ, ისევე ოჯახში მცხოვრები სხვა არასრულწლოვნების მიმართ. დედა დარეგისტრირებული იყო მნახველ-გამყვან პირად იმ გეგმით, რომ შემდგომში აქტიური მონიტორინგის პირობებში ბავშვის საბოლოო რეინტეგრაცია მომხდარიყო. გუშინ საღამოდან სამინისტროსა და სააგენტოს შიდა აუდიტის სამსახურმა მოკვლევა დაიწყო. რასაკვირველია, თანამშრომლების გადაცდომისა და სამსახურებრივი პასუხისმგებლობის საკითხი თუ დადგება, მოკვლევის შედეგს მყისიერად გაგაცნობთ“, – განაცხადა წერეთელმა.
მისივე თქმით, ოჯახში მცხოვრები ბავშვები ამ ეტაპზე მინდობით აღზრდაში გადაიყვანეს.
„ძალადობაზე შეტყობინება 6 იანვრამდე არ შემოსულა, არც 4 წლის გოგონას და არც დანარჩენების მიმართ ძალადობის ნიშნები არ გამოკვეთილა. აქტიური მონიტორინგი ყოველთვის ხდებოდა. ასევე სოციალური სააგენტო არ ადასტურებს, რომ ბავშვს ჰქონდა ცერებრალური დამბლა“, – განაცხადა მარი წერეთელმა.
თბილისში ოთხი წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე დედა დააკავეს. 2014 წელს დაბადებული გოგონას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.