ლელა ქსოვრელის ადვოკატი აცხადებს, რომ ოთხი წლის ბავშვი უბედური შემთხვევის მსხვერპლია
ლელა ქსოვრელის ადვოკატი აცხადებს, რომ ოთხი წლის ბავშვი უბედური შემთხვევის მსხვერპლია

ლელა ქსოვრელის საზოგადოებრივი ადვოკატი აცხადებს, რომ ოთხი წლის ბავშვი უბედური შემთხვევის მსხვერპლია.

მისი თქმით, ვერც ექსპერტიზა და ვერც სხვა მტკიცებულებები ვერ ადასტურებს, რომ ლელა ქსოვრელმა ბავშვს ფიზიკური დაზიანებები მიაყენა, რამაც მცირეწლოვნის გარდაცვალება გამოიწვია.

ბესიკ ტალახაძე: “საქმეში არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება არ არის არც ერთი მოწმე არ არის. ბრალდება ვერ ადასტურებს ლელა ქსოვრელის მხრიდან დანაშაულის ჩადენას. დაცვა არაფერს ადასტურებს პროკურორმა უნდა დაგვიდასტუროს. ბავშვს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, გონებრივი ჩამორჩენილობა, რახიტი, სხვადასხვა დაავადებები. ბანაობის დროს იღებდა ხშირად დაზიანებებს. რაც მოხდა დანაშაულის შედეგი არ არის, ბავშვი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა“, – განაცხადა ადვოკატმა.

22 იანვარს გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის დედას, ლელა ქსოვრელს ბრალა ედება 117-ე მუხლის მე-6 ნაწილი, რაც გულისხმობს სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც არასრულწლოვნის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. აქამდე ამ მუხლით მხოლოდ გამოძიება მიმდინარეობდა და მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ლელა ქსოვრელს ბრალი დაუმძიმდა.

სანზონაში 4 წლის ბავშვი 22 იანვარს, გარდაიცვალა. გოგონას დედა, ლელა ქსოვრელი შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისთვის დააკავეს, მას არასრულწლოვანთან კონტაქტი ეკრძალებოდა. მას 6 იანვრის შემდეგ მცირეწლოვანთან მიახლოება აკრძალული ჰქონდა. მცირეწლოვნის ცემის გამო, მასზე შემაკავებელი ორდერი იყო გაცემული. სწორედ დედის მხრიდან ხშირ ფიზიკურ ძალადობაზე საუბრობენ მეზობლები. როგორც ირკვევა, მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო, ბავშვი სამი წლის და ექვსი თვის განმავლობაში მინდობით აღზრდაში იყო, ცოტა ხნის წინ კი ოჯახში დაბრუნდა.