ნაძალადევის რაიონში გარდაცვლილი ოთხი წლის ბავშვის დედას ბრალი დაუმძიმდა
ნაძალადევის რაიონში გარდაცვლილი ოთხი წლის ბავშვის დედას ბრალი დაუმძიმდა

ნაძალადევის რაიონში გარდაცვლილი ოთხი წლის ბავშვის დედას, ლელა ქსოვრელს ბრალი დაუმძიმდა, – ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს პროკურატურამ და ასევე დაკავებულის ადვოკატმაც დაუდასტურეს.

„კომენტარს არ გავაკეთებ, რომ არ დავარღვიო უდანაშაულობის პრეზუმფცია, თუმცა ვადასტურებ, რომ მას ბრალი დაუმძიმდა“, – განაცხადა ადვოკატმა ნინო ტაბატაძემ.

ლელა ქსოვრელს ბრალი დაუმძიმეს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც არასრულწლოვნის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

როგორც პირველ არხს პროკურორმა ლევან ჟორჟოლაძემ დაუდასტურა, უკვე არსებობს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რის საფუძველზეც ბრალდებულს ბრალი დაუმძიმდა.

თბილისში ოთხი წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე ლელა ქსოვრელი 22 იანვარს დააკავეს. ბავშვის დედას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 24 იანვარს შეეფარდა. ლეილა ქსოვრელი ​შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის დააკავეს, მას არასრულწლოვანთან კონტაქტი ეკრძალებოდა.

ამასთან, ბავშვის გარდაცვალების საქმეზე 30 იანვარს ოთხი სოციალური მუშაკი სამსახურიდან გაათავისუფლეს, ხოლო მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა, მარი წერეთელმა თანამდებობა საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა.