ადვოკატი - გარდაცვლილი ოთხი წლის გოგონას დედას შემაკავებელი ორდერი არ დაურღვევია
ადვოკატი - გარდაცვლილი ოთხი წლის გოგონას დედას შემაკავებელი ორდერი არ დაურღვევია

თბილისში, ნაძალადევის რაიონში, გარდაცვლილი ოთხი წლის ბავშვის დედის ადვოკატი ნინო ტაბატაძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს შემაკავებელი ორდერი არ დაურღვევია. ამასთან, აღნიშნა, რომ საქმეში დანაშაულის ნიშნები არ არსებობდა.

ნინო ტაბატაძის თქმით, სასამართლო პროცესზე, რომელიც დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, ბრალდების მხარე პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.

„საქმეში არ არსებობდა დანაშაულის ნიშნები. დავაყენეთ შუამდგომლობა, ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების გარეშე დატოვება, თუმცა ალტერნატივად დავაყენეთ შუამდგომლობა, რომ შევთანხმებულიყავით გაუსვლელობასა და სათანადო ქცევაზე, ანუ ხელწერილი რომ ჰქონოდა. რაც შეეხება ორდერს, არ დაურღვევია. ამაზე დეტალურად ვისაუბრეთ. ორდერში წერია, რომ ბრალდებული არ უნდა მიახლოებოდა დაზარალებულის საცხოვრებელს, თუმცა დაზარალებული განრიდებული უნდა ყოფილიყო, რაც არ განხორციელდა. ამის შემდეგ, თუ მიუახლოვდებოდა და ექნებოდა კომუნიკაცია, ეს დარღვევად ჩაეთვლებოდა. ქალბატონი არ უნდა წასულიყო სახლიდან. მსხვერპლი უნდა განერიდებინათ. მტკიცებულებები არის ის, თუ რა ვითარებაში მიიღო ბავშვმა დაზიანებები 6 იანვარს“, – განაცხადა ადვოკატმა.

ამასთან, როგორც პროკურორმა ლევან ჟორჟოლაძემ განაცხადა, სასამართლომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

„საფრთხეებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მიგვაჩნია, რომ სასამართლომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ორდერი არის გამოწერილი მოძალადე ქალის მიმართ. შემაკავებელი ორდერის გამოცემას კანონი ითვალისწინებს და იქ მითითებულია, რომ ბინის მესაკუთრესაც კი, თუ მას ორდერი აქვს, უნდა გავიდეს ბინიდან. თავდაპირველად, არასრულწლოვნის გაყვანაც მოხდა.

პროკურორის თქმით, მიმდინარეობს გამოძიება სხვა დეტალების დასადგენად. მან აღნიშნა, რომ ყველა ვერსიას განიხილავენ.

გარდაცვლილი ოთხი წლის ბავშვის დედას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დღეს შეეფარდა. ლეილა ქსოვრელს ​შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა ედება ბრალად.